ანხელ დი მარიამ პირველად გადაუშალა გული ჟურნალისტებს და იმ პრობლემებსა თუ სირთულეებზე ესაუბრა, რომელიც მას ინგლისში გადაბარგებამ თავს დაატეხა.
არგენტინელი გარემარბი, რომელშიც "იუნაიტედმა" 59.7 მილიონი ფუნტი გადაიხადა, გუნდის ახალი სუპერვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, მან მაგიური 7-ნომრიანი მაისურიც მიიღო, რომელიც ადრე რონალდუს, ბექჰემს, კანტონასა და ბესტს ეკუთვნოდათ.
თუმცა ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც "ეშმაკებს" სურდათ.
ანხელს, რომელსაც ხშირად უწევდა მისთვის შეუსაბამო პოზიციაზე თამაში, გაუჭირდა გამხდარიყო წამყვანი ფიგურა. პრემიერ ლიგის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტური დარჩა, მას კი 26 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი მოუგროვდა.
ამის გამო თავად ფეხბურთელიც ძალიან ნაწყენია და ეცდება შედეგი მომავალ სეზონში გამოასწოროს:
"ინგლისში გატარებული პირველი სეზონით ბედნიერი არ ვარ. მე აქ მადრიდის "რეალიდან" მოვედი და მსურს რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება. სეზონი ძალიან ცუდი გამოდგა ჩემთვის, იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვიცი, მეტი შემიძლია.
გულშემატკივარს, ჯერ კიდევ არ უნახავს ნამდვილი დი მარია. მჯერა უფრო მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია.
ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია იოლი არ გამოდგა. ბევრმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ პირველი წელი ლეგიონერებისთვის ძალიან რთული და მძიმეა, ეს მართლაც ასეა.
ჩემი მიზანი ერთი სეზონით არ განისაზღვრება. მინდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის ნაწილი გავხდე.
ჩვენ შესანიშნავი სტადიონი გვაქვს, ხოლო ფანები უბრალოდ ფანტასტიკური. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ ყოველ კვირას მაღალი დონის ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. ჩემი ოცნებაა პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად."
დი მარიამ მადლობა გადაუხადა უეინ რუნის დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის, ეს ანხელს ნამდვილად სჭირდებოდა:
"რუნი გუნდის ლიდერია და ჩემთან ძალიან ბევრჯერ უსაუბრია. ის ძალიან მეხმარება, კლუბის შესახებ ბევრი რამ სწორედ მისგან გავიგე. "იუნაიტედი" ყოველთვის მომართულია პრემიერ ლიგის მოსაგებად - ისევე როგორც "რეალი" და "ბარსელონა", ესპანეთში.
გვინდა, მომავალ წელს უფრო მეტი გავაკეთოთ. ვფიქრობ მომავალ წელს იმ გუნდს იხილავთ, რომელიც შეგიყვარდათ."
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.