"მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდი ამავე ასაკობრივი კატეგორიის პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.
შედეგი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც "ჩელსიმ", უორენ ჯოისის გუნდის ერთადერთმა მდევარმა, სახლში მოულოდნელი მარცხი განიცადა. "ლურჯები" 90-ე წუთზე ჯოშ კულენის მიერ გატანილი გოლის წყალობით ბოლო ადგილზე მყოფმა "ვესტ ჰემმა" დაამარცხა.
"წითელი ეშმაკები" მანჩესტერულ დერბიში 4-0 გამარჯვების შემდეგ ტიტულთან უფრო ახლოს იყვნენ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი 16 ათასი გულშემატკივარი მის მოპოვებას უახლოეს მატჩებში ელოდებოდა.
"იუნაიტედი" "სიტისთან" კიდევ გამართავს ერთ მატჩს, ამჯერად გასვლაზე, თუმცა ჩემპიონის რანგში.
მთავარმა მწვრთნელმა უორენ ჯოისმა განაცხადა: "ვიცი, რამდენი ვიშრომეთ მიმდინარე სეზონში და შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ ჩვენი ჯილდოა.
უამრავი კარგი რამ მოხდა და უამრავ წარმატებას მივაღწიეთ. სეზონი მანჩესტერის თასის ფინალში "სიტის" დამარცხებით დავიწყეთ. მართლაც კარგი თამაში ჩავატარეთ და თავის მხრივ გამოცდილებაც მივიღეთ.
ამ მატჩის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე პირველ გუნდში გამოჩნდა და სადებიუტო შეხვედრებიც ჩაატარეს. ასე რომ, სეზონის დასაწყისშივე სასიამოვნო ასპექტი გვქონდა და გვინდა "სიტისთან" მატჩით იმავე ტალღაზე დავასრულოთ".