როგორც Sky Sports-ი ირწმუნება, "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე არ არის.
გუშინ დილით, რამდენიმე ბრიტანულმა ტაბლოიდმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ჰარი კეინი ლუი ვან გაალის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ითვლებოდეს და მასში 40 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავდეს.
Sky Sports-ის რეპორტიორმა ჯეიმს კუპერმა კი ასეთი ინფორმაცია უარყო.
"ახლა უამრავი დამაინტრიგებელი ისტორია გაჩნდება, მაგრამ თითოეული მათგანი ერთი ფაქტისგან მომდინარეობს - "იუნაიტედი" კვლავ აპირებს ფულის დახარჯვას და მათ გარკვეული მიზანი აქვთ. ეჭვი მეპარებოდა, რომ კეინი მათ სიაში იქნებოდა და, რა თქმა უნდა, დღეს დილით "მანჩესტერ იუნაიტედში" მყოფ ხალხს ვესაუბრე. მათ კი მითხრეს, რომ ჰარი არ შედის ინტერესის სფეროში.
ვფიქრობ, მოხიბლულები არიან იმით, რაც კეინმა მიმდინარე სეზონში გააკეთა და თუ მათი შეტევის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდებით, მაშინ, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები გაგიჩნდებათ. ერთადერთი, ვისაც მოედანზე ადგილი გარანტირებული აქვს, ეს უეინ რუნია, გუნდის კაპიტანი.
ეჭვი არსებობს ვან პერსისთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ გამხდარა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. კითხვები ჩნდება ფალკაოს შესახებაც, მაგრამ "იუნაიტედის" გარდა იგი ყველგან უამრავ გოლს იტანდა, ამიტომ შესაძლოა კიდევ ერთი შანსი მისცენ.
რჩება უილსონი, რომელსაც სავარაუდოდ იჯარით გაანათხოვრებენ მომდევნო სეზონში და ხავიერ ერნანდესი, რომელიც იჯარიდან დაბრუნდება. ვფიქრობ, "იუნაიტედი" ბაზარზე თავდამსხმელის ძიებაში იქნება, მაგრამ მათი პრიოტიტეტი სხვა პოზიციებია - ისინი თავდაცვისა და ნახევარდაცვის ხაზს გააძლიერებენ.
ჩემი მოლოდინით, დეპაის გარდა კიდევ ოთხ-ხუთ შენაძენს გააკეთებენ და შესაძლოა მოულოდნელი ვარიანტებიც იყოს, მაგრამ ამჟამად ჰარი კეინი არ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც "იუნაიტედი" აკვირდება და სულერთია საკმარისი იქნებოდა თუ არა დასახელებული თანხა მის შესაძენად", - განაცხადა კუპერმა.