"არსენალის" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ზედიზედ მეორედ დამარცხება მის გუნდს სიმბოლური განცხადების გაკეთების საშუალებას მისცემს.
"მეთოფეებმა" გაზაფხულს უკვე მოახერხებს "წითელი ეშმაკების" დამარცხება "ოლდ ტრაფორდზე", როცა ინგლისის თასის მეოთხედფინალში გაიმარჯვეს. კვირას კი ვენგერის გუნდი "ოცნების თეატრზე" კიდევ ერთ ვიზიტს გამართავს, ამჯერად პრემიერ ლიგის ეგიდით.
ფრანგი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ თუ მისი გუნდი კვლავ მოახერხებს გამარჯვებას, ეს ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის დამატკიცებელი იქნება.
"პირველ ყოვლისა, შეგვიძლია ჩვენსა და "იუნაიტედს" შორის სხვაობა მათემატიკურად გავზარდოთ და სამეულში ადგილი გავინაღდოთ. ასევე შეგვიძლია სიმბოლური განცხადება გავაკეთოთ, რადგან წინა ჯერზე ინგლისის თასის გათამაშებაში მოვიპოვეთ გამარჯვება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა ამის გამეორება.
იქ ზედიზედ მეორედ მოგება კიდევ უფრო ძლიერ დაგვარწმუნებდა საკუთარ ძალებში და იმაში, რომ მომდევნო სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით. ეს ჩვენი პროგრესის დასტური იქნებოდა. ბოლო წლებში "ოლდ ტრაფორდი" ჩვენთვის რთული ადგილი იყო და ახლა გვინდა დავამტკიცოთ, რომ პროგრესს მივაღწიეთ.
მომწონს იქ თამაში, რადგან შესანიშნავი სტადიონია. "ოლდ ტრაფორდთან" კარგი, ფანტასტიკური და ძალიან ცუდი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. გვინდა ვაჩვენოთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ.
იანვრის შემდეგ სტაბილურად ვთამაშობთ და გასვლით მატჩებშიც ძლიერები ვართ. ნებისმიერი შედეგი დადებითი იქნებოდა, ფრე და მოგება კი შესანიშნავი" , - განაცხადა ვენგერმა "იუნაიტედთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.