დავიდ დე ხეას "იუნატედთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, თუმცა ეს უკანასკნელი ახალი შეთანხმების მიღწევას ჯერ არ ჩქარობს. ოპტიმისტები მიიჩნევენ, რომ დავიდი უბრალოდ უცდის იმას, რომ "იუნატედმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდოს. ზოგიერთი წყარო კი იტყობინება, რომ მისი მშობლები ბედნიერნი არიან მანჩესტერში და მიუხედავად "რეალ მადრიდის" ინტერესისა, არ სურთ, მათი ვაჟი სხვაგან გადაბარგდეს.
დე ხეას ახლო მეგობარი და თანაგუნდელი, ხუან მატა აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას გადაწყვეტს დავიდი, მაგრამ იმედოვნებს, რომ იგი გუნდში დარჩება. "მე ვხვდები, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის. "კრისტალ პალასთან" მატჩში მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა უმაღლესი კლასი და 3 ქულა მოგვაპოვებინა. გულწრფელი რომ ვიყო, მე არ ვიცი ის რას გადაწყვეტს, ეს თავად მას უნდა ჰკითხოთ, მე წარმოდგენა არ მაქვს." - აცხადებს მატა.