მემფის დეპაიმ იმედი გამოთქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აქცევს.
მიმდინარე სეზონში 21-წლის ვინგერმა პსვ-ს რიგებში 28 გოლის გატანა მოახერხა და ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღება მიიპყრო. თუმცა "იუნაიტედმა" ყველას დაასწრო და ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 25 მლნ. ფუნტად შეიძინა.
დეპაის უკვე ადარებენ კრიშტიანუ რონალდუს, რაც დეპაის ახარებს და პორტუგალიელისადმი კარგ დამოკიდებულებას არ მალავს.
"გავიგე, ხალხი ამაზე საუბრობს და ნათელია, ეს შესანიშნავია. რონალდუ ჩემი კერპია. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და იმედი მაქვს, ერთ დღეს კრიშტიანუს დონეს მივაღწევ.
რა თქმა უნდა, ყველა იცნობს რონალდუს. ხედავთ მის საჯარიმო დარტყმებს და სიამოვნებას იღებთ ამისგან, ასე რომ, ეს რაღაცას გასწავლის.
საჯარიმო დარტყმები ჩემთვის დამატებითი შესაძლებლობაა და მათ მიბაძვას არ ვცდილობ, უბრალოდ ჩემებურად შესრულება მინდა.
უფრო მეტი და მეტი უნდა ვიმუშაო, რათა მიზანს მივაღწიო და მსოფლიოში საუკეთესო გავხდე", - განაცხადა დეპაიმ.
მემფისმა ასევე მზადყოფნა გამოხატა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს, უკან დაწეული თავდამსხმელის პოზიციაზეც კი.
"რა თქმა უნდა, საყვარელი პოზიცია მაქვს - მარცხენა ფლანგი. მაგრამ თავისუფლების შეგრძნება მიზიდავს და ჩემი ახლანდელი მწვრთნელი უფლებას მაძლევს ისე ვიმოქმედო, როგორც მომინდება.
პსვ-ში მარცხენა ვინგერის როლი მომწონს, მაგრამ შემიძლია მარჯვენა ფლანგზე ან "ათიანის" პოზიციაზე ვითამაშო ფორვარდების უკან".