რუნი "ოლდ ტრაფორდის" საუკეთესო ბომბარდირია.
მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში არც ერთ გუნდს მოუგია იმდენი საშინაო მატჩი, რამდენიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა, კვირას კი "არსენალის" წინააღმდეგ სტატისტიკის გაუმჯობესებას შეეცდება.
"წითელმა ეშმაკებმა" "ოლდ ტრაფორდზე" შესანიშნავი შედეგი დააფიქსირეს, რამეთუ 14 საშინაო გამარჯვება მოიპოვეს და მიუხედავად იმისა, რომ გასულ საშინაო მატჩში "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ მოულოდნელი მარცხი განიცადეს, "ლივერპულთან", "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემთან" კომფორტულ უპირატესობაში არიან, თუმცა ჩემპიონ "ჩელსის" შედეგის გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეუძლია.
ერთმა ფეხბურთელმა კი ამ საშინაო მატჩებში განსაკუთრებული შედეგი აჩვენა და ეს ადამიანი უეინ რუნია. კაპიტნის მიერ ჩემპიონატში გატანილი 12 გოლიდან მხოლოდ ერთი გავიდა გასვლაზე და ისიც "იუნაიტედის" მომდევნო მეტოქის, "არსენალის" კარში, როცა ვან გაალის შეგირდებმა "ემირეიტს სტედიუმზე" 1-2 იმარჯვეს.
2014/15 წლების სეზონში სახლში ჩატარებულ 15 მატჩში რუნის ანგარიშზე 11 გოლია, მათ შორის დუბლი "ნიუკასლისა" და "სანდერლენდის" წინააღმდეგ. რუნიმ ინგლისის თასზეც მოახერხა გოლის გატანა, თუმცა მისი გუნდი "არსენალის" წინააღმდეგ დამარცხდა. კაპიტანმა კი ჯამში 125 გოლი გაიტანა "წითელი ეშმაკებისთვის".
სხვათაშორის, უეინი არსენ ვენგერის წინააღმდეგ განსაკუთრებული წარმატებით თამაშობს. მისი პირველი გოლი ჯერ კიდევ "ევერტონის" რიგებში სწორედ "არსენალის" კარის დარაჯის, დევიდ სიმენისთის შორეული დარტყმის შემდეგ გავიდა. "მეთოფეების" კარში გატანილი 12 გოლი კი ნიშნავს, რომ რუნისგან მხოლოდ ერთი გუნდი ზარალდება უფრო ხშირად - "ასტონ ვილა".
თუმცა რუნიმ შეიძლება ვენგერის შეგირდების წინააღმდეგ თამაში ვერ მოახერხოს, რადგან მას ფეხის ტრავმა აწუხებს, რამაც "კრისტალ პალასთან" მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ მოედნის დატოვება აიძულა.
მიმდინარე სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირის პრიზს დიდი ალბათობით რუნი მოიპოვებს, რადგან ინგლისელი რობინ ვან პერსის 4 გოლით უსწრებს და, სავარაუდოდ, მეხუთედ დაეუფლება ამ პრიზს. თუმცა რობინს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ განსაკუთრებული რამის შემოთავაზება ნამდვილად შეუძლია.
წყარო:
manutd.com