"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ნახევარმცველი ლეროი ფერი დარწმუნებულია, რომ მემფის დეპაი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ახალი კრიშტიანუ რონალდუ გახდება.
"წითელი ეშმაკები" უკვე დიდი ხანია ეძებენ ვარსკვლავს, რომელიც რონალდუს წარმატების გამეორებას შეძლებს. ფერს მიაჩნია, რომ 21-წლის დეპაი, რომელიც მომდევნო სეზონში "იუნაიტედში" იასპარეზებს, ამ როლისთვის საუკეთესო კანდიდატია.
"მისი შეშინება შეუძლებელია და ეს მომწონს მასში. რონალდუსთან შედარება მოეწონება და დიდი ფეხბურთელი გახდება. იმდენად მაღალი არ არის, როგორც რონალდუ, მაგრამ ძალიან ნიჭიერი, სწრაფი, ძლიერი, ტექნიკურია და გოლების გატანის უნარი აქვს. შესანიშნავი ფეხბურთელია და მანჩესტერში მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.
რა თქმა უნდა, უნდა შეეჩვიოს პრემიერ ლიგასა და "იუნაიტედს" - მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს, მაგრამ არა მგონია გაუჭირდეს, რადგან ძალიან თავდაჯერებული ფეხბურთელია.
ამჟამად რონალდუ მემფისს მიღწევებით სჯობნის, მაგრამ დეპაი მხოლოდ 21 წლისაა და თუ "იუნაიტედში" ისეთივე კარგი იქნება, როგორც რონალდუ იყო, დიდი ფეხბურთელი გახდება. ვფიქრობ, ეს შეუძლია.
ეროვნული ნაკრებიდან 2-3 წელია ვიცნობ და პრემიერ ლიგაზე ხშირად მეკითხებოდა. ვუთხარი, რომ რთული ლიგაა, მაგრამ მისი ნიჭისა და ოსტატობის პატრონი "იუნაიტედის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. ისეთი პარტნიორების ყოლა, როგორიც უეინ რუნი და ანხელ დი მარია არიან, მისთვის შესანიშნავი იქნება და უკეთესად ქცევაში დაეხმარება.
თუმცა ამის გარდა მას ისიც დაეხმარება, რომ ორი თანაგუნდელი უკვე ჰყავს რობინ ვან პერსისა და დეილი ბლინდის სახით. თანაც, კარგად იცნობს ვან გაალს, რომელიც მას უკეთეს ფეხბურთელს გახდის", - განაცხადა ლეროი ფერმა.