"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი სერიოზულად ფიქრობს ზაფხულში რობინ ვან პერსისთან განშორებაზე.
ჰოლანდიელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო წელს იწურება და ასეთ სიტუაციაში ასაკოვან ფეხბურთელებთან მიმართებაში კლუბის პოლიტიკის გათვალისწინებით რობინს მხოლოდ დამატებით 12-თვიანი კონტრაქტის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
თუმცა ვან პერსიმ, რომელსაც აგვისტოში 32 წელი უსრულდება, ჯერ ვერ დაარწმუნა ლუი, რომ ახალ კონტრაქტს იმსახურებს. ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში ვან პერსის ტრავმები აწუხებს და ვერაფრით ახერხებს ფორმაში ჩადგომას.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა მხოლოდ 10 გოლის გატანა მოახერხა. კიდევ უფრო ცუდია ვან პერსის 2015 წლის სტატისტიკა - მხოლოდ ორი გოლი. ამან შეიძლება ვან გაალი აიძულოს განშორდეს ფეხბურთელს, რომელიც სტაბილურ და ხანგრძლივ რეგრესს განიცდის.
იმისათვის, რომ ვან გაალზე შთაბეჭდილება მოახდინოს, ვან პერსის მხოლოდ ორი მატჩი რჩება - თავისი ყოფილი გუნდის "არსენალისა" და გადარჩენისთვის მებრძოლი "ჰალ სიტის" წინააღმდეგ.