ფილ ჯონსმა, რომლის გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მომდევნო წლიდან დაუბრუნდება, განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისთვის თვალის დევნება ძალიან უჭირდა.
ცენტრალურმა მცველმა ევროპაში თავისი უკანასკნელი მატჩი 2014 წლის 9 აპრილს მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ წაგებულ მატჩში ჩაატარა. სანამ გერმანული კლუბი ფინალში გასვლას ცდილობს, ჯონსი და მისი თანაგუნდელები მთელი სეზონის განმავლობაში მატჩებს დამწუხრებული მაყურებლის რანგში უყურებდნენ.
თუმცა მომდევნო სეზონში "იუნაიტედის" ფეხბურთელებს აღარ მოუწევთ ტურნირის ტელევიზორიდან ცქერა, რადგან სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეხუთე ადგილზე მყოფ "ლივერპულთან" 6-ქულიანი და 14-გოლიანი უპირატესობა აქვთ.
"ევროპა ძალიან გვენატრებოდა. ვერაფერი შეედრება ევროპულ საღამოს, როცა ჩემპიონთა ლიგის მუსიკა ირთვება. მაგრამ ამ სეზონში ჯდომა და ყურება, ისე რომ, მასში არ მონაწილეობდი, ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" დონის გუნდი ასეთ ტურნირზე უნდა თამაშობდეს, ახლა კი ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. "კრისტალ პალასთან" ჩატარებული მატჩების მსგავსი შეხვედრები, როცა საუკეთესო ფეხბურთს არ აჩვენებ, მაგრამ მაინც სამ ქულას იღებ, სწორედ ის უნდა იყოს, რაც დაგარწმუნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდები", - განაცხადა ჯონსმა.