დავიდ დე ხეამ თავისი იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო სამ შეხვედრაში უიღბლობას განიცდიდა.
"წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ სამი შეხვედრა წააგეს "ჩელსის", "ევერტონისა" და "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ და ვერც ერთ მათგანში მოახერხეს გოლის გატანა, დავიდი კი იმედოვებს, რომ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ყველაფერი გამოსწორდება და მისი გუნდი მეხუთე ადგილზე მყოფ "ლივერპულთან" შვიდ-ქულიან უპირატესობას შეიქმნის.
"სამი წაგების შემდეგ რთული პერიოდი დაგვიდგა. სვლა უნდა გავაგრძელოთ, წინ უნდა გავიხედოთ, უკეთესად ვითამაშოდ და, რა თქმა უნდა, მატჩები უნდა მოვიგოთ.
ვფიქრობ, "ჩელსისა" და "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტი საგოლე მომენტის შექმნა და გოლის გატანა უნდა შეგვეძლოს. ამ მატჩებში კი გოლი ვერ გავიტანეთ, ხოლო ბევრი გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია.
"ვესტ ბრომის" წინააღმდეგ უიღბლო თამაში გვქონდა, რადგან გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით, ვიდრე ისინი. მაგრამ ეს ფეხბურთია - მათ გაუმართლათ და ისე გაიტანეს, არადა მთელი თამაშის განმავლობაში თავს იცავდნენ. ბურთი პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა, რიკოშეტის შემდეგ კი მეორე კუთხისკენ წავიდა.
მეც და გუნდიც ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. უამრავი მომენტი შევქმენით და პენალტი ვერ გავიტანეთ. შეგვეძლო, 5-1 მოგვეგო", - განაცხადა დე ხეამ.
ესპანელი ალან პარდიუს გუნდისგან იმავე ტიპის თამაშს ელოდება და იანიკ ბოლასიესა და ყოფილი "წითელი ეშმაკის" უილფრიდ ზაჰას სახით დიდ საფრთხეს ხედავს.
"ვფიქრობ, "ვესტ ბრომის" მსგავსად ითამაშებენ. თავდაცვას დააპირებენ. იციან, რომ ბურთის შენარჩუნება და მომენტების შექმნა გვსურს. კარგი ვინგერები ჰყავთ, რომლებიც კონტრშეტევების დროს ძალიან სახიფათონი არიან".