მემფის დეპაისთან დაკავშირებული 5 მნიშვნელოვანი ფაქტი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პსვ-სთან მემფის დეპაის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ზაფხულში მის ტრანსფერს დაადასტურებს, მანამდე კი გავიგოთ, ვინ არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ჰოლანდიელთან დაკავშირებულ 5 მნიშვნელოვან ფაქტს.
დაიბადა მორდრეხტში, 13/02/94: დეპაი განელი მამისა და ჰოლანდიელი დედის შვილია, რომელიც მორდრეხტში სამხრეთ ჰოლანდიაში დაიბადა, სადაც ადგილობრივ გუნდში "W მორდრეხტში" თამაშობდა, იქიდან კი 12 წლის ასაკში პსვ-ს შეუერთდა. მის ბაბუას დეპაის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა აქვს მოხდენილი, რასაც დეპაი მარცხენა მკლავზე გაკეთებული ტატუთი ადასტურებს.
"ადამიანი, რომელმაც უდიდესი ძალა მომცა", - განაცხადა მან ერთხელ.
2011 წელს Euro U17 ჩემპიონატი მოიგო: 16-წლის ასაკში დეპაი ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა და ფინალში გერმანიის ნაკრებს გოლიც გაუტანა, მისმა გუნდმა კი 5-2 იმარჯვა.
"მემფისი ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ასევე ძალიან მონდომებული და ამბიციური ბიჭი", - განაცხადა პსვ-ს ტექნიკურმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა.
პსვ-ს რიგებში 104 მატჩში 42 გოლი გაიტანა: 2011 წელს თავის სადებიუტო მატჩში, რომელიც ჰოლანდიის თასზე პსვ-მ "ნორდვიკერჰუტის" წინააღმდეგ ჩაატარა და 8-0 მოიგო, დეპაიმ 20 წუთში მოახერხა გოლის გატანა. საერთო ჯამში კი 104 მატჩში მას 42 გოლი აქვს გატანილი და გასულ თვეში ჰოლანდიის ჩემპიონიც გახდა. დეპაი ვინგერია, თუმცა თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში და თავისი სტილის გამო ხშირად არიენ რობენსა თუ კრიშტიანუ რონალდუსაც ადარებენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი: დეპაის საერთაშორისო არენაზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული და მსოფლიო ჩემპიონატზე 2 გოლის გატანაც მოახერხა. მისმა პირველმა გოლმა, რომელიც ავსტრალიის ნაკრებს გაუტანა, მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორად აქცია, რითაც 1998 წელს საფრანგეთში ბუდევინ ზენდენის მიერ დამყარებულ რეკორდს აჯობა. ამას კი 21-წლის ფეხბურთელმა ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლი მოაყოლა.
დეპაის მანჩესტერში მეგობრები უკვე ჰყავს: ლუი ვან გაალმა მემფისს ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტის საშუალებას 2013 წლის 15 ოქტომბერს მისცა, როცა "იუნაიტედის" მწვრთნელი თავისი ქვეყნის ნაკრებს წვრთნიდა. რა თქმა უნდა, როცა ტრანსფერი განხორციელდება, მემფისი თავის თანამემამულე რობინ ვან პერსისა და დეილი ბლინდთან კარგ ურთიერთობას შექმნის.
წყარო:
manutd.com