24-წლის ნახევარმცველმა აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 2013 წელს მისით ინტერესდებოდა, თუმცა ვერ შეძლო შეეთავაზებინა ის, რაც მიუნხენის "ბაიერნმა" შესთავაზა.
როცა პეპ გუარდიოლამ "ბარსელონას" დატოვება ამჯობინა, "იუნაიტედი" ტიაგო ალკანტარასთვის ბრძოლაში ჩაერთო. კონკურენციას კი ევროპის მრავალი კლუბი სწევდა, რომელთაგან ყველას მიუნხენის "ბაიერნმა" აჯობა.
დევიდ მოიესმა ვერ მოახერხა და ტიაგო ალკანტარა თავის პირველ შენაძენად ვერ აქცია, თუმცა მის ნაცვლად მოვიდა მარუან ფელაინი.
"დიახ, მაგრამ რეალური შესაძლებლობა "ბაიერნი" იყო", - უპასუხა ალკანტარამ, როცა ჰკითხეს, ცდილობდა თუ არა "იუნაიტედი" მის შეძენას და თან დაუმატა, რომ ამჯობინებდა "ბარსელონას" დარჩენილიყო. "წარსულის შეცვლა არ შემიძლია და მირჩევნია აწმყოზე მოვახდინო ფოკუსირება. გუარდიოლასგან, გასაოცარი მწვრთნელისგან ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ", - განაცხადა ესპანელმა.