"ლივერპულის" ნახევარმცველი ადამ ლალანა დარწმუნებულია, რომ "წითლები" "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩავარდნით ისარგებლებენ და ოთხეულში მოხვედრისთვის ბრძოლას მოიგებენ.
პროგრესის ჩვენების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს და "ლივერპული" მეოთხე ადგილთან ახლოს მიუშვეს. ლალანას კი მიაჩნია, რომ მერსეისაიდელებს ამით სარგებლობა შეუძლიათ.
"ჯერ არაფერი დასრულებულა. ისევ შეგვიძლია ტოპ-ოთხეულში მოხვედრა, მაგრამ დარჩენილ მატჩებში ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ავიღოთ. მხოლოდ ეს მოგვცემს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსს.
"იუნაიტედს" წინ რთული მატჩები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს დაკარგავენ. ჩვენ კი მათზე ზეწოლის მოხდენას "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვების მოპოვებით ვეცდებით. იმედი მაქვს, ბოლო ტურამდე არაფერი გაირკვევა", - განაცხადა ლალანამ.
ამჟამად, "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" ოთხი ქულა აშორებთ, სეზონის დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი.