დავიდ დე ხეას მიაჩნია, რომ 2014/15 წლების სეზონში უკეთესი მეკარე გახდა, თუმცა გაუმჯობესება კიდევ შეიძლება.
კლუბის ოფიციალური ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ესპანელმა განაცხადა: "დიახ, გავუმჯობესდი. ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და ვცდილობ, უკეთესობისკენ სწრაფვა შევინარჩუნო ყოველ სავარჯიშო სესიაში, ყოველ მატჩში და ვფიქრობ, ეს სეზონი ჩემთვის ძალიან პროდუქტიული გამოდგა. ჯერ კიდევ ვიზრდები, როგორც ფეხბურთელი; კმაყოფილი ვარ სეზონით, რომელიც მე და ჩვენ გვქონდა".
დე ხეამ მიმდინარე სეზონში არაერთხელ იხსნა "იუნაიტედი" წაგებისა თუ ქულების დაკარგვისგან და მის მიერ ჩატარებულ საოცარ მატჩებს შორის "ლივერპულთან" და "ევერტონთან" დაპირისპირებებიცაა, რამაც ესპანელს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერის სტატუსის დამტკიცების საშუალება მისცა. მიმდინარე სეზონში კი, დე ხეა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტად დაასახელეს. ამასთან ერთად, შანსი აქვს "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და ზედიზედ მეორედ დაეუფლოს სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზს.
"თითოეული ფეხბურთელი იმსახურებს ამ პრიზის მოგებას. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის. ყველა ცდილობს, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთოს გამარჯვებისთვის და ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ, რათა საერთო ჯგუფს დაეხმარონ".