ლუი ვან გაალს სჯერა, რომ სამი ახალი მოედანი, რომელიც მან Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე შეაცვლევინა და რომელიც "ოლდ ტრაფორდის" სათამაშო საფარის ანალოგიურია, გუნდს განვითარებაში დაეხმარება.
ერთ-ერთი პირველი, რაც ვან გაალმა ზაფხულში "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში გააკეთა, სავარჯიშო ბაზაზე ცვლილებების განხორციელება იყო. მისი მოთხოვნით ბაზას ხეების რაოდენობა დაემატა, რასაც ქარის სიძლიერე უნდა შეემცირებინა, შემდეგ კი პირველი გუნდის მიერ გამოყენებად სამ მოედანზე საფარის განახლება ითხოვა.
Aon-ის სავარჯიშო კომპლექსის გაზონის მთავარი მეთვალყურე ჯო პემბერტონი და მისი გუნდი მას შემდეგ დაუღლელად შრომობდნენ, რათა სავარჯიშო მოედანი მაქსიმალურად მიმსგავსებოდა "ოლდ ტრაფორდის" გაზონს, ვან გაალი კი შედეგით მოხარულია.
"ჩვენს ბოლო დროინდელ მომზადებას ის ეხმარებოდა, რომ ფეხბურთელებს ახლა საშუალება აქვთ სამ ახალ Desso GrassMaster მოედანზე ივარჯიშონ, რომლებიც სავარჯიშო ბაზაზე შეიქმნა.
ეს მოედანი იგივე სპეციფიკისაა, რაც "ოლდ ტრაფორდზე", რადგან ჩვენი პროცესის ნაწილი ვარჯიშის სესიებში იმავე მდგომარეობის შექმნაა, რაც სტადიონზე გვაქვს.
ჩვენს სავარჯიშო მოედანზე მთავარმა მეთვალყურემ, ჯო პემბერტონმა და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი იშრომეს მთელი სეზონის განმავლობაში, რათა ვარჯიშების განრიგი არ დარღვეულიყო და შედეგი დაუჯერებელია", - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალმა "ოლდ ტრაფორდის" მთავარ მეთვალყურეებსაც გადაუხადა მადლობა და შეაქო, რომელთა წყალობით პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ოცნების თეატრი" "ემირეიტს სტედიუმთან" ერთად საუკეთესო სტადიონად დასახელდა.