"მანჩესტერ იუნაიტედს" ორი მატჩის განმავლობაში მაიკლ კერიკი ვერ ეხმარება, რომელმაც მანჩესტერულ დერბიში მიღებული ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.
ლუი ვან გაალმა "ვესტ ბრომთან" მატჩის წინ განაცხადა, რომ ინგლისელი ვერც მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მისი დაბრუნება დროის საკითხია.
"კერიკი მიმდინარე სეზონში ითამაშებს. მის დაბრუნებას ამ კვირასაც ველოდი, მაგრამ ეს დროის საკითხია. ჩვენს გუნდს როცა უყურებ, ნახევარდაცვა მას უჭირავს და ბევრი ნახევარმცველი არც გვყავს. როცა დეილი ბლინდი და მაიკლ კერიკი ტრავმირებულები იყვნენ, პრობლემები გვქონდა.
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის წაკითხვა შეუძლია და სწორედ ამას ველოდები - მოთამაშეებს, რომელთაც შეუძლიათ თამაში წაიკითხონ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისთვის, რადგან გუნდი უფრო მნიშვნელოვანია.
ყველა ფეხბურთელს შეუძლია თამაში ინდივიდუალურად წაიკითხოს, თავისი პირადი როლი, ეს ძალიან რთული არ არის. მაგრამ თამაშის წაკითხვა გუნდისთვის გაცილებით რთულია და ეს ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მწვრთნელი".