დეილი ბლინდი აცხადებს, რომ მის გუნდს სურს "ევერტონისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ კომპენსირება მოახდინოს.
ლუი ვან გაალის შეგირდებმა ბოლო თვეების განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადეს და უშუალო კონკურენტები დამაჯერებლად დაამარცხეს, თუმცა წარმატებათა სერია "სტემფორდ ბრიჯზე" შეწყდა, რასაც "გუდისონ პარკზე" გამანადგურებელი მარცხი მოჰყვა.
"როცა 3-0 მარცხდები, ძალიან იმედგაცრუებული ხარ, ეს სიმართლეა. გვინდა მომდევნო მატჩში გამოვასწოროთ. სიმართლე გითხრათ, "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ თამაში ორშაბათს მინდოდა ("ევერტონთან" წაგების მომდევნო დღეს). ვფიქრობ, გუნდი ბოლო ორ თამაშზე რეაგირებას მოახდენს. ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ ზედიზედ ორჯერ წავაგეთ, მაგრამ ამჯერად ჩვენი მაყურებლის წინაშე ვთამაშობთ. ვხედავდით, როგორი რეაქცია ჰქონდათ ფანებს "ევერტონში". გასაოცარნი იყვნენ, დასრულებამდე ჩვენ გვერდით იდგნენ და ვფიქრობ, ეს დიდებული მხარდაჭერაა. ვალი "ვესტ ბრომთან" მოგებით უნდა გადავუხადოთ".
ვან გაალმა "ევერტონთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი არასაკმარის ბრძოლისუნარიანობას აჩვენებდა და "კანფეტებმა" აჯობეს. ბლინდი არ ფიქრობს, რომ ფეხბურთელები ყველაფერს არ აკეთებენ მოედანზე მოგებისთვის, მაგრამ მიაჩნია, რომ მწვრთნელს საბაბი ჰქონდა.
"ყოველთვის რთულია იმის თქმა, რომ ჩვენ მოედანზე იმ შეგრძენით გავდივართ, თითქოს მხოლოდ 50 პროცენტით გვინდოდეს დახარჯვა. მაგრამ მესმის, რას გულისხმობდა მწვრთნელი. გუნდის მაგივრად ვისაუბრებ და გეტყვით, რომ ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს "ვესტ ბრომის" წინააღმდეგ და ყველას სურს თითოეულ თამაშში 100 პროცენტით დაიხარჯოს".