დარენ ფლეთჩერი შაბათს თავის ახალ კლუბ "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" ერთად "ოლდ ტრაფორდს" პირველად ეწვევა, მაგრამ მისი ყურადღება გამარჯვებაზეა მიპყრობილი და არა ემოციებზე.
"შაშვების" რიგებში გადასვლამდე დარენმა "იუნაიტედის" მაისურით 342 მატჩი ჩაატარა და 13-წლიანი კარიერის განმავლობაში 12 ტიტული მოიგო. ტონი პულისის გუნდში კი ის კაპიტნად დაინიშნა და თავის ყოფილ კლუბს პირველად შაბათს დაუპირისპირდება.
ექსკლუზიურ ინტერვიუში შოტლანდიელს ჰკითხეს, მოუთმენლად ელოდებოდა თუ არა მომდევნო მატჩს, რაზეც უპასუხა:
"დიახ, ველოდები. მხოლოდ იმაზე ვღელავ, მოვახერხებ თუ არა სწორი მიმართულებით წასვლას, სწორ გასახდელ ოთახში შესვლას და მსგავს რამეებს, ამიტომ ძალიან კონცენტრირებული და ფოკუსირებული უნდა ვიყო, მაგრამ მე იქ ჩემი ახალი გუნდისთვის სასარგებლო საქმის გასაკეთებლად ჩავდივარ და სწორედ ამაზე ვიზრუნებ. რა თქმა უნდა, იქ ხელის ჩამორთმევაც იქნება და მისთანები, მაგრამ 90 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგე ვიქნები და ისევე ძლიერ მენდომება გამარჯვება, როგორც "იუნაიტედს" სურს. ასეთია ფეხბურთი. ეს შენში დაბუდებული გამარჯვების ინსტინქტია და არა მგონია ვინმე სხვა რამეს ელოდეს".