"მანჩესტერ იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბი შიშობს, რომ მუხლის ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს კაპიტანი უეინ რუნი გამოტოვებს.
დაზიანების ნიშნები ინგლისელ ფორვარდს "ევერტონთან" მატჩის მიწურულს აღენიშნა, როცა თანაგუნდელ დეილი ბლინდს შეეჯახა. 88-ე წუთზე კი მოედანი რობინ ვან პერსის დაუთმო.
ამ ტრავმამ რუნის საშუალება არ მისცა პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალს დასწრებოდა.
უეინს ტრავმის ხასიათის დასადგენად დამატებით სამედიცინო ტესტებს ჩაუტარებენ. The Telegraph-ი კი ირწმუნება, რომ რუნის შესაძლოა მუხლის შუალედური იოგები ჰქონდეს დაზიანებული, რაც მას მინიმუმ ერთი თვით უქმობას აიძულებს.
რუნის ტრავმა რობინ ვან პერსის გამოჯანმრთელებას დაემთხვა, რომელმაც გუშინ "იუნაიტედის" რეზერვების რიგებში დუბლი გაიფორმა. მოსალოდნელია, რომ სწორედ ჰოლანდიელი დაიკავებს ძირითად შემადგენლობაში კაპიტნის ადგილს.
მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 12 გოლის ავტორის ჯანმრთელობის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას კი ლუი ვან გაალი პარასკევს პრეს-კონფერენციაზე გაავრცელებს.