ვიცი, რომ ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ხართ გუშინდელი მარცხის გამო, მეც სწორედ ასე ვარ. ძალიან მოწყენილი ვწერ ამ ბლოგს, თუმცა რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია არის ის, რომ ერთად დავდგეთ და მომავალ შეხვედრებზე ვიფიქროთ. ისეთი გუნდისთვის, როგორიც ჩვენ ვართ დიდი სხვაობით მარცხი განსაკუთრებით სამწუხაროა, თუმცა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ.... "ევერტონთან" შეხვედრა ძალიან რთული რომ იქნებოდა ამას მეოთხე წუთზევე მივხვდით, როცა მაკკარტიმ გაგვიტანა. ამისდა მიუხედავად, ვეცადეთ ანგარიში მალევე გაგვეთანაბრებინა, ამისთვის საკმაო შანსები შევქმენით, გამუდმებით მეტოქის ნახევარზე ვიმყოფებოდით, თუმცა ანგარიშის ჩვენ სასარგებლოდ შეცვლა ვერანაირად ვერ მოვახერხეთ. მეტოქემ თავისი თამაში ითამაშა, დაცვაში ძალიან ორგანიზებულად იდგნენ, ხოლო შეტევაში ყველა შანსი იდეალურად გამოიყენეს. როგორც აქამდე ვამბობდი, ჩვენ სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და უნდა ვცადოთ ყველა მატჩში გამარჯვების მოპოვება. ჩვენი ამოცანა, ბოლო 4 დარჩენილი შეხვედრის მოგებაა.
ჩვენ ვალდებულნი ვართ მოგებით მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც "გუდისონ პარკზე" ბოლო წუთებამდე გაუჩერებლად გვქომაგობდნენ. მომდევნო კვირას საკუთარ კედლებში "ვესტ ბრომს" ვუმასპინძლებთ და ძალიან კარგი შანსი გვაქვს ფანებს სიამოვნება მივანიჭოთ. ყველა ჩვენგანს სურს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა, ამიტომ ასეთი თამაშის გამეორება არ შეიძლება.
აქვე, მინდა მივულოცო ჩემს უახლოეს მეგობარს და თანაგუნდელს, დავიდ დე ხეას, პრემიერ ლიგის წლის გუნდში მოხვედრა. ეს მან დაიმსახურა მთელი სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებით. ასევე მინდა ედენ აზარს მივულოცო წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.
იმედი მაქვს შემდეგი კვირა გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე გასული და ჩვენ მიზანს კიდევ უფრო მივუახლოვდებით. დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის.
გეხვევით!
ხუანი.
მატას ბლოგი
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.