ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირების შემდეგ ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი ანალიზის მოსმენით.
ვან გაალსა და მოურინიოს "ბარსელონაში" თანამშრომლობის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, თუმცა "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრის შემდეგ მათი აზრები გაიყო.
"იუნაიტედი" დომინირებდა "ჩელსისთან" მატჩში, სადაც ლონდონელები ედენ აზარის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლის შესანარჩუნებლად დაცვით თამაშს ამჯობინებდნენ, მოურინიომ კი განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.
"გაკვირვებული ვიყავი მისი ნათქვამით. ფეხბურთში ბურთის ფლობა არ ითვლება, აქ გოლები ითვლება და 1-0 ანგარიში დაფიქსირდა. ჩვენ დავმარცხდით.
მაგრამ გამაკვირვა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოს ანალიზმა. როგორც გამარჯვებული მწვრთნელი, ყველაფერს ვერ იტყვი, ეს ვიცი.
რისი თქმაც სინამდვილეში სჯობდა, თუმცა მის თავში ვერ ვიხედები, იყო ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეუტევდა და ის ფრით კმაყოფილი იქნებოდა, რადგან სხვაობა იგივე დარჩებოდა.
ასე რომ, უფრო იოლი იყო თავდაცვა და მისი განლაგებაც თავდაცვითი იყო. მაგრამ მიუხედავად მისი დაცვითი განლაგებისა, ბევრი მომენტი შევქმენით და ბურთსაც დიდხანს ვფლობდით. სასწაულის დონემდე იყო, რომ ოთხი შანსით გოლი გაიტანეს და ბურთის ფლობის 30 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ.
სჯობდა ეთქვა, რომ იცოდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" შეუტევდა და ორგანიზაცია შეცვალა, საბოლოოდ კი 1-0, აი შედეგი".
ვან გაალმა დაადასტურა, რომ მატჩის შემდეგ მოურინიოს ეწვია, თუმცა მასთან გასაუბრება ვერ მოახერხა.
"მწვრთნელის ოთახში ვიყავი, მაგრამ იქ მხოლოდ მისი ასისტენტი იყო და მოურინიოსთან გასაუბრება ვერ მოვახერხე. ამ ანალიზის შემდეგ კი დალაპარაკების სურვილიც არ მქონია".