დორტმუნდის "ბორუსიას" ბოსებმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ილკაი გიუნდოგანის ნაადრევად გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყვეს.
პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმა კლუბმა 24-წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია და უქმეებზე ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებდა. თუმცა "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს იოაჰიმ ვატცკემ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყოველგვარი კავშირი უარყო.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" არავითარი კონტაქტი არ გვქონია. თუ ილკაი გვეტყვის, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, დავსხდებით და მას განვიხილავთ. მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.
მედია ფრთხილად უნდა იყოს. გალანძღვას არ ვაპირებ, მაგრამ ყოველ სულელურ წვრილმანს ისე არ უნდა მოეკიდნონ, როგორც ეს პარასკევს გააკეთეს", - განაცხადა ვატცკემ Sky Deutschland-თან ინტერვიუში.
მსგავსი განცხადება გააკეთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ზორკმა.
"არ არსებობს არავითარი შეთანხმება, არავითარი კონტრაქტი, არავითარი შემოთავაზება, არავითარი მოთხოვნა და არც ყოფილა არავითარი კონტაქტი. უკანასკნელად "მანჩესტერ იუნაიტედს" 2014 წლის ნოემბერში ვესაუბრე და ისიც სხვა თემაზე", - ციტირებს ზორკის სიტყვებს Daily Mirror.