მარუან ფელაინი შესაძლოა განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდეს "ევერტონთან" მატჩს, მაგრამ ლუი ვან გაალს სჯერა, რომ ბელგიელისთვის ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება.
მარუან ფელაინი "კანფეტების" რიგებში ხუთი წლის განმავლობაში ასპარეზობდა, შარშან კი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგდა. თუმცა გასულ წელს "გუდისონ პარკზე" ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
"დღეს ვკითხე და მითხრა "ეს უბრალოდ მატჩია", მაგრამ ვფიქრობ, ამის აღიარება არ უნდოდა. ძალიან მოკლე პასუხებს იძლევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისთვის განსაკუთრებული მატჩია.
იმედი მაქვს, გულშემატკივარი მას ისევე მიიღებს, როგორც "ჩელსის" ფანებმა მიიღეს ხუან მატა, ეს ძალიან მომწონს. ამის დანახვა დიდებული იყო და მინდა ამ კვირასაც ასე იყოს," - განაცხადა ვან გაალმა.
ფელაინი ბოლო პერიოდში "იუნაიტედის" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ვან გაალი ამის მიზეზებს ხსნის.
"ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვესაუბრები ფილოსოფიის, თამაშის, შეხედულების, მოქცევის შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" თითოეულ ფეხბურთელს აქვს უნარი. მჯერა, მარუან ფელაინისაც აქვს უნარი და ჩვენ გამარჯვებისთვის სწორედ მისი უნარები გვჭირდება.
ამას ვაკეთებთ და სწორედ ამიტომ თამაშობს ის ახლა უკეთ".
ცხრილის შუაში მყოფი "ევერტონიც" კარგ ფორმაში ხვდება მატჩს - "კანფეტები" ბოლო ხუთ მატჩში არ დამარცხებულან და ოთხი მათგანი მოიგეს. ვან გაალი მოწინააღმდეგეს აქებს. "ევერტონი" გაცილებით უკეთესად თამაშობს და ვფიქრობ, იმიტომ, რომ მათ მწვრთნელს ფილოსოფია აქვს. როცა ფეხბურთელებს ამის სჯერათ, გაუმჯობესება შეუძლიათ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მარტინესი თამაშის ფილოსოფიას ეყრდნობა და მჯერა, რომ მის ფეხბურთელებს სწამთ მისი და მისი ფილოსოფიის. საბოლოოდ, ამას დაინახავთ".