"მანჩესტერ იუნაიტედში" პსვ-ს ვინგერის მემფის დეპაის გამოჩენამ შესაძლოა ადნან იანუზაის კლუბის დატოვებისკენ უბიძგოს.
გასულ ზაფხულს დეპაიცა და იანუზაიც თავიანთი ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ. მიმდინარე სეზონში კი ორი ფეხბურთელის კარიერა სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა.
გასულ უიქენდზე 21-წლის დეპაიმ ჰოლანდიის ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ადნანი "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში ასპარეზობისთვის ემზადებოდა.
განსხვავებით "წითელი ეშმაკების" წინა მწვრთნელის, დევიდ მოიესისგან, ლუი ვან გაალი ახალგაზრდა ბელგიელს დიდ ნდობას არ უცხადებს. მიმდინარე სეზონში იანუზაის ანგარიშზე მხოლოდ შვიდი შეხვედრაა სასტარტო შემადგენლობაში და არც ერთი გოლი.
დეპაისადმი კი ლუის სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს - ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის დღიდან ვან გაალი მემფისს ნდობას უცხადებდა და მისი დიდი თაყვანისმცმელია.
იანუზაი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობითაც არ არის კმაყოფილი, ხოლო გუნდში დეპაის მოსვლა, რასაც "სპორტინგიდან" დაბრუნებული ლუიშ ნანი დაერთობა, მის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.