ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
დღეს, როგორც სათაურში ამოიკითხავდით, მე ამაყი ვარ. თუ რატომ ამას აუცილებლად მოგახსენებთ, როგორც მოგეხსენებათ ეს უქმეები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როდესაც "სტემფორდ ბრიჯს" ვტოვებდით და გუნდის ავტობუსში ავდიოდით, გაორებული გრძნობა დამეუფლა: ძალიან მოწყენილი ვიყავი მარცხის გამო, თუმცა ამავდროულად ბედნიერი, რადგან ძველი და კარგი მეგობრები ვნახე. მიუხედავად ამისა მაინც ამაყი ვიყავი ორი მთავარი მიზეზის გამო: პირველ რიგში გუნდის კარგი თამაშის გამო, ჩვენ ლიდერ გუნდს, საკუთარ მოედანზე ვეთამაშებოდით და მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით, ვქმნიდით საგოლე შანსებს და გატანასთანაც ახლოს ვიყავით. როგორც მატჩის შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით ჩვენ ვვითარდებით, რაც მომავალში უფრო მეტ გამარჯვებას მოგვიტანს, ვიდრე მარცხს. ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ძალიან ორგანიზებულად იცავდა თავს, არ გვაძლევდა მათ საჯარიმოსთან მიახლოების საშუალებას. მართალია შეცდომები დავუშვით, მაგრამ იმედი მაქვს სწორედ ამ შეცდომებზე ვისწავლით.
მეორე მიზეზი, რის გამოც მე თავი ამაყად ვიგრძენი, ეს იყო ის სითბო, რომელიც "ჩელსის" ფანებისგან მოდიოდა ჩემი მიმართულებით. მე მათ ძალიან ვაფასებ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ასევე მოიქცნენ მეტოქე ფეხბურთელებიც, მათაც დიდ მადლობას ვუხდი და წინასწარ ვულოცავ პრემიერ ლიგის მოგებას. ძალიან სასიამოვნო იყო მათთან შეხვედრა, მატჩის შემდეგ ლაპარაკი და მოკითხვა. მე ვიგრძენი მათი სიყვარული და დაფასება. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.
ჩვენ 5 მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი და ვეცდებით მაქსიმალური ქულების რაოდენობა მოვაგროვოთ. შემდეგი შეხვედრა "ევერტონის" წინააღმდეგ გველის, "გუდისონ პარკზე", იქ თამაში ძალიან რთულია. პირველ შეხვედრაში მათთან გამარჯვების მოპოვება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა იმედი მაქვს ამჯერად ყველაფერი მარტივად გამოგვივა.
ბედნიერ კვირას გისურვებთ! გეხვევით!
ხუანი.