"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს სჯერა, რომ ჟოზე მოურინიოსთან საერთო აქვს.
ორი ტაქტიკოსი, რომლებიც შაბათს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ამჯერად "სტემფორდ ბრიჯზე", "ბარსელონაში" ერთად მუშაობდნენ და მათი წარმატება ერთმანეთს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მაიკლ კერიკი, ფილ ჯონსი, დეილი ბლინდი და მარკოს როხო დააკლდებიან, ლუის სჯერა, რომ პრემიერ ლიგის ცხრილში გუნდებს შორის არსებულ ქულების სხვაობას შეამცირებს.
"დაპირისპირება უფრო დიდია, ვიდრე ჩანს. პირველ ყოვლისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" გასვლაზე ვერ აჩვენებს კარგ შედეგს, "ჩელსი" კი სახლში ცოტა ქულას კარგავს, ე.ი. საქმე ძალიან რთულადაა.
"ჩელსი" სახლში თამაშობს, მაგრამ ვფიქრობ, ფრით კმაყოფილი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება სურთ და ჩვენც გვსურს მათთან მოგება".
ვან გაალი ხსნის, რომ ტიტულები და თასები მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და არც მოურინიოა განსხვავებული.
"ვფიქრობ, მას უთქვამს და მეც მითქვას, რომ "ჩვენ ტიტულებისთვის ვცოცხლობთ". სწორედ ამისთვის ვშრომობთ. კმაყოფილების ერთადერთი საგანი ის არის, რომ ტიტული გაქვს. თუ მეორე ან მესამე ხარ, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეგიძლია, მაგრამ თასი შენთვის უფრო მეტს ნიშნავს.
სწორედ ეს შერჩება შენს სახელს და მწვრთნელი სწორედ ამიტომ იბრძვის ტიტულისთვის. როცა მიზანს აღწევ, ბედნიერი ხარ. მოვახდინო გავლენა თამაშზე, მოვახდინო გავლენა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე - ასევე ჩემი მიზანია. სწორედ ამიტომ ვარ მწვრთნელი და სხვა სამუშაოს შესრულება არ მევალება. მიყვარს ახალგაზრდა ხალხთან მუშაობა და მათი კარიერის ხელშეწყობა".
"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი მოურინიოსაც დაეხმარა და მას მწვრთნელობისკენ გაუკვალა გზა.
"მოურინიო ძალიან კარგი მწვრთნელია. თამაშს შესანიშნავად კითხულობს. გუნდის შექმნა ინდივიდუალური ფეხბურთელებისგან შეუძლია, ისინი უსმენენ მას და მწვრთნელი უყვართ. ასეთი კოჰაბიტაცია გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია და მოურინიო ამის საშუალებას იძლევა.
არა მგონია განსხვავდებოდეს იმ ადამიანისგან, რომელსაც ტელევიზორში ვხედავთ. უბრალოდ, ხანდახან მწვრთნელმა უნდა აკეთოს ის, რასაც ჟოზე აკეთებს. ის მოკრძალებული ადამიანია, მაგრამ ამის არავის სჯერა. სამწუხაროა".