შაბათს გასამართი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, ლუის ვან გაალმა "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდს 4 ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს და ესენი არიან: მაიკლ კერიკი, დეილი ბლინდი, მარკოს როხო და ფილ ჯონსი.
მაიკლ კერიკის ტრავმის შესახებ გავრცელებული საბოლოო დასკვნა სურპიზი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ინგლისელმა დერბის ჩამთავრება ვერ მოახერხა, რაც შეეხება დარჩენილ სამეულს მათი არ ყოფნა მოულოდნელობაა.
"კერიკი ტრავმირებულია და ვერ დაგვეხმარება."- განუცხადა ვან გაალმა MUTV-ს. "თუმცა, სამწუხაროდ მხოლოდ ის არ არის დანაკლისი, ვერ ითამაშებენ მარკოს როხო, ფილ ჯონსი და დეილი ბლინდი, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებს, რადგან სამივე მათგანი უკანა ხაზის მოთამაშეა. ევანსი ისევ დისკვალიფიცირებულია, ეს კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას."
ჰოლანდიელს ჰკითხეს, თუ რა ვითარებაში დაშავდნენ ფეხბურთელები, რაზეც ლუიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ყველა ტრავმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის მიმდინარეობისას მიიღეს. ბლინდმა თამაში განაგრძო, რადგან მას ყოველთვის სურს თამაში, მაგრამ კომპანისთან შეჯახებამ უკვე თამაშის შემდეგ უფრო მწვავედ იჩინა თავი.
ჯონსი სწორედ დაზიანების გამო შევცვალე, მან მეორე ნახევარში იგრძნო ტკივილი, რაც შეეხება როხოს, მან გასახდელში გამოთქვა წუხილი ტკივილის შესახებ. იმედი გვქონდა, რომ ბლინდი და ჯონსი მოახერხებდნენ საშაბათოდ გამოკეთებას, მაგრამ მათ გარეშე მოგვიწევს თამაში."
მენეჯერმა დაბრუნებულ მოთამაშეებზეც ისაუბრა: "უკვე რამდენიმე კვირაა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს ლუკ შოუ, ამიტომ მას შეუძლია თამაში. ვან პერსი - ეს სხვა ისტორიაა, ის მხოლოდ ამ კვირაში შემოგვიერთდა, ამიტომ მის თაობაზე უნდა დავფიქრდეთ."