"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ლუკ შოუმ განაცხადა, რომ კლუბში ეშლი იანგს ჯერ კიდევ დასცინიან.
მიმდინარე სეზონის პირველ ტურში ეშლი იანგს "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში კურიოზი შეემთხვა - მოედანზე ყოფნისას პირში ფრინველის განავალი ჩაუვარდა.
"ეშლი იანგი ჩვენი გასახდელის მთავარი ფიგურაა. ჯერ კიდევ დავცინით იმის გამო, რომ "სუონსისთან" მატჩში ჩიტმა პირში ჩაასკინტა. ახლა რომ ჰკითხოთ, იტყვის, რომ ჩიტის განავალი არ იყო. ერთხელ დიდი ხელოვნური ჩიტი გავაკეთეთ და მისი ადგილის სიახლოვეს დავდეთ. ეს ხუმრობა არ მოეწონა", - განაცხადა შოუმ.
19-წლის მცველი თავისი სადებიუტო სეზონითა კმაყოფილი არ არის და მის შეფასებას სასკოლო სისტემით აპირებს.
"ჩემ მიერ მიღებული ტრავმების გამო სეზონი იმედს მიცრუებს, მაგრამ აქ მომწონს. ისე რომ მომიხდეს შეფასება, როგორც სკოლაში, საკუთარ თავს С- (3-) დავუწერდი.
ვერ მიხვდები, რამდენად დიდია "მანჩესტერ იუნაიტედი", სანამ აქ არ აღმოჩნდები - ის გაშინებს! მთელს სიახლოვეში ეს ყველაზე დიდი კლუბია.
ისეთი ოსტატების გვერდით ვთამაშობ, როგორიც უეინ რუნი, ანხელ დი მარია, ფალკაო არიან და ეს უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები მათ შესახებ ყოველთვის საუბრობენ და მე ვფიქრობ: "ვაუ, მე ხომ მათთან ერთად ვთამაშობ!" დანამდვილებით ვიტყვი, ყველაზე ბედნიერი 19-წლის ბიჭი ვარ", - დაასრულა შოუმ.