უეინ რუნიმ მარუან ფელაინის მისამართით დამსახურებული საქებარი სიტყვები გამოთქვა იმის გამო, რომ ბელგიელმა პირველ სეზონში წარმოჩენილი სირთულეები გადალახა და მიმდინარე სეზონში ვან გაალის გუნდის უცვლელ წევრად იქცა.
ფელაინი "ოლდ ტრაფორდზე" 2013 წელს გადაბარგდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა ჩვეული თამაშის ჩვენებას. საქმეს ტრავმები და კლუბისთვის რთული სეზონი აუარესებდა. ფეხბურთელისთვის რთული პერიოდი იდგა, თუმცა მას ყოველთვის სჯეროდა, რომ თავის გამოჩენას და ადგილის მოპოვებას მოახერხებდა. არც შემცდარა.
ფელაინიმ 169-ე მანჩესტერულ დერბიში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში და გულშემატკივარმა "თვითერის" საშუალებით ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩია.
"ვიყენებთ მის საუკეთესო უნარებს. მარუანი მცველებს დიდ თავსატეხს უჩენს. მოგვწონს შეტევის ჩვენი ნახევარიდან ორგანიზება და თუ მოწინააღმდეგე ჩვენზე პრესინგს ახდენს, საშუალება გვაქვს მარუანს მივცეთ პასი. ალბათ, ფელაინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია ბურთის მიღებისა და ზედმეტი ზეწოლისგან ჩვენს ხსნაში. მწვრთნელი შესანიშნავად იყენებს მას მოედანზე და მარუანიც კარგი თამაშითა და გოლებით უხდის სამაგიეროს", - განაცხადა კაპიტანმა.
ფელაინის რთული პირველი სეზონის შესახებ თხრობისას კი რუნიმ დაუმატა: "მისთვის რთული იყო, მაგრამ მთელი გუნდი უჭერდა მხარს. მოკრძალებულად იქცეოდა, ბევრს შრომობდა და ყველა სირთულე დაძლია. ახლა აჩვენებს ფეხბურთს, რომელმაც თავის დროზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო. მარუანი - მაღალი კლასის მოთამაშეა. მისი დახმარებით შეტევაში მრავალვარიანტულობა გაჩნდა. ეს ჩვენს მატჩებში ჩანს.
ყველამ ვიცოდით, რომ წინა წელს შრომობდა და მხოლოდ მისთვის არ იყო რთული - ყველა ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. თუმცა კრიტიკა ყველაზე მეტად ფელაინის ხვდებოდა. საბედნიეროდ, მწვრთნელმა აჩვენა, რომ მისი სჯერა".