ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,
ამის წერის პროცესში ჯერ კიდევ სავსე ვარ დერბიში გამარჯვების შემდეგ ადრენალინით. დაამარცხო შენი მანჩესტერელი კონკურენტი, თანაც კარგი თამაშით, გაიტანო გოლი შენი ამდენი გულშემატკივრის წინაშე - გასაოცარი გრძნობაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კარგ ფორმას ვინარჩუნებთ და ქულების მოპოვებას ვაგრძელებთ.
შესაძლოა მრავალჯერ ვიმეორებ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საუკეთესო ნაწილი არის ატმოსფერო, რომელსაც "ოლდ ტრაფორდი" ქმნის. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი აქ მოსვლის შემდეგ ასეთი ატმოსფერო არასდროს მინახავს და ეს გახურებისთანავე ვიგრძენი... განსაკუთრებული მატჩი იყო. "სიტის" წინააღმდეგ რამდენიმე მატჩი წავაგეთ და ფეხბურთელებიცა და გულშემატკივარიც გრძნობდნენ, რომ ცვლილების დრო იყო. რთულია სიტყვებით ავხსნა ის, რასაც მოედანზე ვგრძნობდი, მაგრამ დერბიში მღელვარების დაბრუნება არასდროს დამავიწყდება.
შედეგი შესანიშნავია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დასაწყისი ცუდი გამოდგა... ძლიერად დაიწყეს, დიდებული ფეხბურთი ითამაშეს საწყის წუთებში და გოლიც გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ხასიათი აჩვენა და ამის შემდეგ დაბრუნება მოვახერხეთ, რაც აჩვენებს, რომ ეს გუნდი ადვილად არ ნებდება. საკუთარი თავისადმი უდიდესი რწმენა გვაქვს, ამას კარგი და ცუდი თამაშისასაც ვგრძნობთ. ეშლი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ანგარიშის გათანაბრებაში, მეორე გოლის გატანაში და ამის შემდეგ ბურთის კონტროლში, რითაც კიდევ ერთი სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნის მიღწევაში. ალბათ, ყველაზე საოცარი რამ, კიდევ ერთხელ, იყო ხასიათი, რომელიც გუნდმა ცუდი სტარტის შემდეგ აჩვენა.
დღეიდან ჩვენ მომდევნო "ფინალზე" ვფიქრობთ, ჩემპიონატის ლიდერებთან სტუმრობაზე. საჭიროც კი არ არის ვთქვა, რომ ძალიან განსაკუთრებული მატჩი იქნება ჩემთვის. სეზონის პირველ ნაწილში "ჩელსის" წინააღმდეგ უკვე ვითამაშე, მაგრამ "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება მოგონებებს გამიღვიძებს. როცა კლუბში მოვედი, ვთქვი: "მადლიერება გულში მაქვს". და ახლაც ასე ვფიქრობ. ამავე დროს, მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ლონდონში დამეხმარა და მომდევნო კვირაში ყოფილ თანაგუნდელებთან, მეგობრებსა და გულშემატკივრებთან შეხვედრა კარგი იქნება. მათგან მხოლოდ კარგი მახსოვს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. თუმცა, ჩვენი მიზანი სამი ქულის წამოღება იქნება და უკანასკნელ სასტვენამდე ამას ვეცდები. საუკეთესო რამ ის არის, რომ ამ მატჩს კარგად, თავდაჯერებით ვხვდებით, მაგრამ შესანიშნავად ვაცნობიერებთ, რომ თუ "ჩელსის" დამარცხება გვინდა, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.
გეხვევით ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩემთვის განსაკუთრებულ თამაშში კარგ შედეგებს შევინარჩუნებთ. სასიამოვნო კვირას გისურვებთ, ჩემო მეგობრებო!
ხუანი
წყარო:
juanmata8.com