ფილ ჯონსი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელები ცდილობენ "სიტისთან" მატჩს ისე მოეკიდონ, როგორც რიგით შეხვედრას, მაგრამ მცველმა იცის, რომ ეს რიგითი მატჩი არ არის.
უკანასკნელ დერბიში მარცხის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - "იუნაიტედი" 2 ნოემბერს "ეტიჰადზე" წაგების შემდეგ მე-10 ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი მესამე პოზიციას იჭერს და თანაქალაქურ გუნდს 1 ქულით ასწრებს.
"არა მგონია, "სიტის" ფორმა რამეს ნიშნავდეს, როცა ფეხბურთელებსა და მათ შესაძლებლობებს უყურებ. მათ მიერ ბოლო კვირებში ნაჩვენები შედეგით ბევრს ვისწავლით, მაგრამ მთავარი ყურადღება ჩვენზე და მატჩის მოგების საშუალებაზე უნდა გადავიტანოთ.
ვცდილობთ, ისე მოვეკიდოთ, როგორც რიგით მატჩს, მაგრამ ვიცით, ეს რიგითი მატჩი არ არის. ეს არის შეხვედრა, რომელსაც მოთამაშეები და გულშემატკივარი სეზონის დასაწყისშივე ელოდება, რომელიც სავსეა ემოციებითა და დაპირისპირებით და რომლის მოგებაც გვინდა. "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩვენი თამაში სეზონის საუკეთესო იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა ეკარგება, თუ შენარჩუნებას ვერ ახერხებ."
ჯონსმა უცხოელ ფეხბურთელებზეც ისაუბრა, რომელთაც მისი თქმით შესანიშნავად ესმით დერბის მნიშვნელობა: "სრულად აცნობიერებენ. კლუბებში, სადაც ისინი აღიზარდნენ და თამაშობდნენ, საკუთარ დერბიში იღებდნენ მონაწილეობას, ამიტომ იციან, რას უნდა ელოდნენ კვირას. იმედია, ჩვენთვის კარგი იქნება.
არა მგონია, ასეთი შეხვედრების წინ სიტყვების თქმა იყოს საჭირო. თითოეულმა მოთამაშემ იცის, მატჩის მნიშვნელობა გულშემატკივართათვის. საჭიროა ვაჩვენოთ თამაში, რომელსაც ბოლო კვირებში ვთამაშობთ, განსაკუთრებით სახლში, და მოვიგებთ."