20-წლის ჩილელი ფორვარდი ანხელო ენრიკესი, რომელიც იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" თამაშობს იმედოვნებს, რომ მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, ერთ დღესაც ის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება.
"იმედი მაქვს, ოდესმე "მანჩესტერ იუნაიტედში" დავბრუნდები. ფაქტობრივად, გავნადგურდი, როცა პირველ გუნდში თამაში მინდოდა, თუმცა თამაშის ყურება სხვა მხრიდან მომიწია. ეს იყო ძალიან სამწუხარო."
"მოვედი იმის იმედით, რომ ვითამაშებდი პრემიერ ლიგაში და ინგლისის თასზე, თუმცა არაფერი მომხდარა. მე მხოლოდ 21 წლამდელთა გუნდში ვითამაშე."-განაცხადა ანხელომ The Peoples Person-თან ინტერვიუში.
ამ სეზონში ანხელომ "დინამოს" მაისურით ჩატარებული 28 მატჩიდან 19 გოლის გატანა შეძლო. ხორვატიული კლუბის ხელმძღვანელები კი მის შენარჩუნებასა და გამოსყიდვას იმედოვნებენ, მაგრამ "იუნაიტედის" პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.