ჰოლანდიელი სპეციალისტი თავდასხმის ხაზის შეცვლას გეგმავს.
ლუი ვან გაალი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემთხვევაში "იუნაიტედის" თავდასხმის ხაზის გადახალისებას ეცდება.
ამისთვის კი მთავარ კანდიდატებად ლუის თანამემამულე მემფის დეპაი და კოლუმბიელი ედინსონ კავანი მიაჩნია.
21-წლის დეპაიმ, რომელიც ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუი ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელი იყო, მიმდინარე სეზონში ვინგერის პოზიციაზე თამაშის ფონზე უკვე მოახერხა 25 გოლის გატანა და პსვ-ს ერედივიზში ლიდერობის შენარჩუნებაში ეხმარება.
პსვ-ს მთავარი მწვრთნელი ფილიპ კოკუ კი მზადაა ფეხბურთელს ზაფხულში კლუბის გამოცვლის საშუალება მისცეს, განსაკუთრებით, თუ "იუნაიტედი" 25 მლნ. ფუნტს გადაიხდის.
მოსალოდნელია, რომ კლუბს დატოვებს ედინსონ კავანიც, რომელსაც წინა კვირის უქმეებზე გამართულ შეხვედრაში შეცვლის გამო ლორან ბლანთან შელაპარაკება მოუხდა.
კავანი ფრანგულ კლუბში ყოფნით ბედნიერი არ არის, რადგან თავისთვის საყვარელ პოზიციაზე ვერ თამაშობს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ ცენტრფორვარდის პოზიციაზე მეორე არჩევანია.
ვან გაალი მზადაა გაყიდოს ვან პერსი, რომელიც აგვისტოში 32 წლის შესრულდება და კონტრაქტის მიხედვით დარჩენილი უკანასკნელი წლის ამოწურვას შეუდგება.
"არსენალიდან" "წითელი ეშმაკების" რიგებში გადაბარგების შემდეგ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა უმაღლეს დონეზე მხოლოდ პირველი სეზონი ჩაატარა, მომდევნო წლებში კი სათამაშო ფორმა უკეთესის სურვილს ტოვებდა.
შედეგად, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ვან პერსის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს და მას ზაფხულში განშორდება.
"იუნაიტედში" არ დარჩება რადამელ ფალკაოც, რომელიც "მონაკოდან" იჯარის წესით გადაბარგების შემდეგ თავის გამოჩენას ვერ ახერხებს და ბოლო მატჩებში სათადარიგოთა სკამზე ხვდება.
ამიტომ ვან გაალს სურს უეინ რუნის მოუძებნოს ფეხბურთელები, რომლებიც კაპიტანს შეტევაში დაეხმარებიან და ამისთვის შესაფერის კანდიდატებად მემფის დეპაი და ედინსონ კავანი მიაჩნია.
წყარო:
express