ხუან მატა მოხარულია, რომ ანდერ ერერას მოედანზე კარგად უგებს და მიაჩნია, რომ ფეხბურთი ორივე მათგანს ერთნაირად ესმის.
ესპანელები ბოლო პერიოდში წარმატებულ თამაშს აჩვენებენ და უკანასკნელ ორ მატჩში მონაცვლეობით მოირგეს მატჩის გმირის წოდებები.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ "იუნაიტედმა" რვა მატჩიდან, რომელშიც წყვილი სასტარტო შემადგენლობაში ერთად გამოდიოდა, მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო. ბოლო ოთხ მატჩში მოედანზე პირველივე წუთებიდან გასვლის შემდეგ კი ესპანელებმა ჯამში 5 გოლი გაიტანეს.
მატამ "ლივერპულს" გაუტანა ორი გოლი, მომდევნო შეხვედრაში კი იგივე ანდერ ერერამ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გააკეთა.
მატა და ანდერი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ ერთად ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და მათ შორის კარგი მეგობრული უერთიერთობა სუფევს, რაც მატას თქმით ერთ-ერთი ფაქტორია მოედანზე წარმატებული თამაშისა.
"ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ წლების განმავლობაში ვიცნობთ ერთმანეთს და ფეხბურთიცა და ცხოვრებაც მეტ-ნაკლებად ერთნაირად გვესმის.
ერთად კარგად იმიტომ ვთამაშობთ, რომ ხანდახან უსიტყვოდ და შეხედვის გარეშეც კი ვხვდებით, სად აპირებს პასის გაკეთებას მეორე ჩვენგანი ან საით დაიწყებს მოძრაობას.
"ენფილდზე" გატანილი პირველი გოლი ამის მაგალითია - ის ბურთს აკონტროლებდა, შემობრუნდა და იცოდა, სადაც ვაპირებდი გაქცევას, ამიტომ ზუსტად იქ მომაწოდა პასი. ანდერი მაღალი დონის ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ აქ არის და კარგად თამაშობს." - განაცხადა მატამ.