კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის, ანდერ ერერას გადაბირებას ეცდება. ესპანური კლუბი ერერას ტრანსფერით ჩავი ერნანდესის შეცვლას გეგმავს, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს – აცხადებს "the Express".
ერერა "იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში შეუერთდა და კლუბის მნიშვნელოვანი ფიგურაც გახდა, რითაც თავის სატრანსფერო ღირებულება სრულიად გაამართლა. "კატალონიელების" აზრით კი, ერერა შესაბამისი ვარიანტია ნახევარდაცვის გასაძლიერებლად.
თუმცა თავად ესპანელმა ღიად გამოთქვა ოლდ ტრაფორდზე დიდი ხნით დარჩენის სურვილი. მისი თქმით, იგი ბედნიერია "იუნაიტედში" თამაშით და ინგლისში ცხოვრებით, ამიტომ სურს, დიდი ხნით დარჩეს მანჩესტერში.
"ჩემი ოცნებაა, აქ დიდი ხნის განმავლობაში ვიყო, რადგან სწორ კლუბში ვარ, სწორ ლიგაში და სწორ ქვეყანაში. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მინდა, ამ კლუბში დიდი ხნით დავრჩე."
შეგახსენებთ, რომ ერერას მიმართ ინტერესს "ბარსელონა" ჯერ კიდევ მისი "ბილბაოში"თამაშის პერიოდიდან იჩენს.