ეშლი იანგს მიაჩნია, რომ ბოლო სამ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ძველი სახე დაიბრუნა და ასეთი შედეგები გუნდს სეზონის ჩვეულ რეჟიმში დასრულებაში დაეხმარება.
"იუნაიტედს" სეზონის ბოლო მატჩებში თავის გამოჩენა ისტორიულად სჩვევია და თუმცა პრემიერ ლიგის ტიტული მიუწვდომელია, "ტოტენჰემის", "ლივერპულისა" და "ასტონ ვილას" დამარცხების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" ოთხეულში ადგილი გაიმყარეს.
"მოგება კარგია, მაგრამ მისი შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როცა სეზონის დასრულებით ფაზაში შედიხარ. "იუნაიტედი" ამ ეტაპზე ყოველთვის ძლიერი იყო და ვაჩვენებთ, თუ რამდენად ძლიერები შეგვიძლია ვიყოთ.
სასიამოვნოა მოედანზე გასვლა და მატჩის მოგება, კონტროლიც ასევე. "ასტონ ვილასთან" მატჩში დაინახავდით, რომ პირველიდან ბოლო სასტვენამდე ვაკონტროლებდით თამაშს არა მარტო პოზიციურად, არამედ საჯარიმოშიც და მომენტებს ვქმნიდით. უნდა გავაგრძელოთ იმის ჩვენება, რასაც ვაკეთებდით და იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს იმდენად მაღლა ვიქნებით, რამდენადაც შევძლებთ." - განაცხადა იანგმა.
ეშლიმ კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და როცა ანხელ დი მარია შეცვალა, გულშემატკივარმა ინგლისელი ტაშით გააცილა.
"ყოველთვის სასიამოვნოა ოვაციების მიღება და გულშემატკივართა მოსმენა, რომლებიც შენს სახელს მღერიან. ისინი ფანტასტიურები იყვნენ და მათთვის კარგი თამაშის ჩვენება, გოლების გატანა და სამი ქულის მოპოვება გვინდოდა.
"ლივერპულის" წინააღმდეგ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და ვიცოდით, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებულებს გამარჯვება უნდა შეგვენარჩუნებინა და წინსვლა გაგვეგრძელებინა." - დაასრულა იანგმა.