უეინ რუნიმ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მაიკლ კერიკი შეაქო და განაცხადა, რომ მოედანზე საუკეთესო სწორედ ვეტერანი ინგლისელი იყო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა მაიკლ კერიკმა პირველი ტაიმის მიწურულს კრის სმოლინგი შეცვალა და ნახევარდაცვაში ფილ ჯონსის ადგილი დაიკავა. ამ დროისათვის ინგლისელები 1-0 მარცხდებოდნენ.
მაგრამ "სამმა ლომმა" მარცხს თავი ანდროს თაუნსენდის გოლის წყალობით დააღწია და რუნის მიაჩნია, რომ მაიკლმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.
"მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი მაიკლ კერიკი იყო. შეცვლაზე შემოვიდა და ჩვენ თამაშს წარუძღვა - ამის შემდეგ ბურთს დიდ ხანს ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ორ გუნდს შორის სხვაობა თავად კერიკი იყო." - განაცხადა რუნიმ.
მაიკლი შეაქო ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმაც, რომლის ნაკრების რიგებში კერიკს მხოლოდ 33 მატჩი აქვს ჩატარებული.
"მაიკლმა შესანიშნავად ითამაშა. პირველ ტაიმში ექსპერიმენტს მივმართეთ, ჯონსმა კარგად ითამაშა, თუმცა კერიკისა და უილშირის მსგავსი მოთამაშეები გვაკლდა.
შესაძლოა მოვიდეს მატჩები, რომელშიც ფილ ჯონსი ნახევარდაცვაში დაგვჭირდება." - განაცხადა ჰოჯსონმა.