კრის სმოლინგს მიაჩნია, რომ თავისი კარიერის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი აქვს.
25-წლის მცველის მოქმედი კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება. ამასთან დაკავშირებით პრესა ირწმუნებოდა, რომ "არსენალი" ინგლისელის შესაძენად 12 მლნ. ფუნტს იხდიდა.
თუმცა თავად ფეხბურთელი "იუნაიტედში" ბედნიერია და მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, საკუთარ მომავალს მაინც "წითელ ეშმაკებს" უკავშირებს.
"ეს საკითხი სინამდვილეში არავისთან განგვისჯია. მწვრთნელს სჯერა ჩემი და თუ ვთამაშობ, ბედნიერი ვარ. წინ ჯერ კიდევ 8 მატჩი გვაქვს, ამიტომ შევეცდებით, რაც შეიძლება კარგად დავასრულოთ სეზონი.
დიახ, საკუთარ მომავალს "იუნაიტედში" ვხედავ. აქ თამაში ყოველთვის მომწონდა და სიამოვნებას ვიღებ, განსაკუთრებით კი ახლა. თუ შევძლებ ისეთივე სარგებელი მოვუტანო კლუბს, როგორიც ახლა მომაქვს, მინდა იმდენ ხანს დავრჩე, რამდენ ხანსაც ისინი მოინდომებენ.
არავითარი მოლაპარაკებების შესახებ არ მსმენია. და ეს არც მაღელვებს. თუ გუნდისთვის სასარგებლო ვიქნები, მაშინ ახალი კონტრაქტის გაფორმებაც გამახარებს.
მგონია, რომ ჩემი კარიერის საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებ. მწვრთნელი ძალიან მენდობა. განსაკუთრებით ბოლო 2 თვეში. ტრავმებს თავი დავაღწიე, მწვრთნელი თამაშის საშუალებას მაძლევს და მეც ბედნიერი ვარ.
ვან გაალი ძალიან სამართლიანია. ამბობს, რომ თავს კარგად ართმევ და გაუმჯობესება შეგიძლია. შენი მართლაც სჯერა." - განაცხადა კრისმა.