მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მოხვედრის შემთხვევაში ლუი ვან გაალი ბონუსის სახით 1 მლნ. ფუნტს მიიღებს.
ჟურნალისტების, გულშემატკივართა და სატელევიზიო ექსპერტების კრიტიკის მიუხედავად ლუი თავისი მიზნისკენ სვლას მშვიდად ახერხებს.
"ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ "წითელი ეშმაკები" მეოთხე ადგილზე დამკვიდრდნენ და პოზიციები გაიმყარეს, რამეთუ "მერსეისაიდელებს" ხუთი ქულით უსწრებენ.
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დაბრუნება "იუნაიტედისთვის" ფინანსური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, სპონსორების ბონუსები ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზეა დამოკიდებული.
ბრიტანული პრესა ირწმუნება, რომ გლეიზერების ოჯახი, "იუნაიტედის" მფლობელი ბიზნესმენები ვან გაალის მუშაობით კმაყოფილები არიან და ჰოლანდიელს 1 მლნ. ფუნტით დააჯილდოებენ, თუ გუნდი ოთხეულში მოხვდება და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე გავა.