"ვალენსია" რადამელ ფალკაოს შეძენას კიდევ უფრო მიუახლოვდა, რამეთუ ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის კლიენტს არ შეიძენს.
აგენტი ხორხე მენდეში უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ესპანურ კლუბთან, რომელსაც სინგაპურელი მილიარდელი და "იუნაიტედის" გულშემატკივარი პიტერ ლიმი ფლობს.
მიუხედავად იმისა, რომ "მონაკომ" "მანჩესტერ იუნაიტედს" მოთამაშის შესაძენად 44 მლნ. ფუნტი მოსთხოვა, "ოლდ ტრაფორდზე" ფალკაოს მიერ ნაჩვენები შედეგების შემდეგ ფრანგული კლუბი ფასის დაკლებაზე ფიქრობს.
როგორც მოსალოდნელია, მენდეში მოახერხებს და სატრანსფერო ფასს 30 მლნ. ფუნტამდე დასწევს.
კოლუმბიელმა ფორვარდმა "წითელი ეშმაკების" რიგებში იჯარის წესით გადასვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას გადაწყვეტს ვან გაალი, თუმცა აგენტი ამტკიცებს, რომ რადამელი "იუნაიტედში" არ დარჩება.