"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ აპირებს ნაკრებში ისევე დიდ ხანს ითამაშოს, როგორც ეს სტივენ ჯერარდმა და ფრენკ ლამპარდმა შეძლეს.
ევრო-2016-ს საკვალიფიკაციო მატჩში რუნი ამჟამად ნაკრების რიგებში 102-ე შეხვედრას ატარებს და მიაჩნია, რომ წინ კიდევ დიდი დრო აქვს, რათა ყველა დროის რეკორდს - პიტერ შილტონს 125 მატჩი აქვს ჩატარებული - მიაღწიოს.
ახლო წარსულში სანაკრებო კარიერა სტივენ ჯერარდმა 34 წლის ასაკში დაასრულა, ხოლო ფრენკ ლამპარდმა - 36. რუნი, რომელიც ამჟამად 30-წლისაა, იგივეს გაკეთებას აპირებს.
"ჩემი მიზანი ისევე დიდ ხანს თამაშია, როგორც ისინი თამაშობდნენ. ჯერ ისევ ფორმაში და ჯანმრთელი ვარ. სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია ნაკრებში თამაშზე უარის თქმა.
რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ, როცა გუნდში ჰარი კეინის მსგავსი ახალგაზრდები მოდიან და მინდა ჩემი გამოცდილების გამოყენებით მათ დავეხმარო.
შესანიშნავი და გასაოცარია, რომ ინგლისს ესოდენ დიდი რაოდენობის ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა ჰყავს. მინდა მისი ნაწილი ვიყო და იმედი მაქვს, დახმარებითა თუ თამაშით ინგლისის ნაკრებს წარმატებულს გავხდი." - განაცხადა რუნიმ.