მარუან ფელაინიმ თავისი 5-კაციანი გუნდი შეადგინა, რომელშიც ერთადერთი ფეხბურთელი მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან"
27 წლის ბელგიელი ბოლო პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს.
ვან გაალის გეგმებში ფელაინის წამყვანი როლი უჭირავს და მან უკვე მოახერხა "წითელი ეშმაკების" მაისურით ოთხი გოლის გატანა.
ფელაინიმ "ლივერპულთან" მატჩში გუნდის დახმარების შემდეგ ბელგიის ნაკრების რიგებს მიაშურა, სადაც პარტნიორებს კვიპროსისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება.
მანამდე კი მარუანი თავის საოცნებო 5-კაციან გუნდს ქმნის, რომელშიც ადგილი ვერ მოძებნა ვერც ედენ აზარისა და ვინსენ კომპანის მსგავსი ფეხბურთელებისთვის და ვერც უეინ რუნის, ანხელ დი მარიას, რობინ ვან პერსის, მატასა და სხვა ყოფილი თუ ამჟამინდელი თანაგუნდელებისთვის.
მისი გუნდი ასე გამოიყურება:
"მეკარე? უამრავ კარგ მეკარესთან ერთად მითამაშია, ასე რომ, რთულია არჩევა. მაგრამ მეკარედ ავირჩევ... რა თქმა უნდა, დავიდ დე ხეა უნდა იყოს. მცველიც მჭირდება, ასე რომ, სილვიან დისტინს ავირჩევ. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და დიდებული ფეხბურთელია. შემდეგი კი უნდა იყვნენ ზიდანი, მესი და რონალდუ."