"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი ტრადიციულ გამოკითხვას გვთავაზობს. გულშემატკივარი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. მარტის თვის საუკეთესოს წოდებისთვის ამჯერად მარუან ფელაინი, ხუან მატა და უეინ რუნი იბრძოლებენ.
მარუან ფელაინი - 4 მატჩი (ყველა სასტარტო) 1 გატანილი გოლი.
ბელგიელმა გოლის გატანა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შეძლო. გარდა ამისა, მან ბრწყინვალედ ჩაატარა აღნიშნული შეხვედრა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოიპოვა ადგილი. ფელაინი "ლივერპულის" წინააღმდეგაც გამორჩეული გახლდათ, რაც ლუი ვან გაალის ნდობის მოპოვებაში დაეხმარა.
ხუან მატა - 3 მატჩი (2 სასტარტო, 1 სათადარიგო) 2 გატანილი გოლი.
მატა ამ თვეში პირველად "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამოჩნდა, როცა ფელაინი შეცვალა 82 წუთზე. დარჩენილ დროში ესპანელმა ღირებულის გაკეთება ვერ შეძლო, თუმცა "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ძალიან აქტიური გახლდათ, რამაც განაპირობა "ლივერპულთან" სასტარტოში თამაში. მან "ენფილდზე" დუბლი შეასრულა და კლუბს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოაპოვებინა. ესპანელი რვიანი დამსახურებულად მოხვდა ნომინაციაში. ხუან მატა ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ "იუნაიტედიდან", რომელმაც პრემიერ ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოახერხა მოხვედრა.
უეინ რუნი - 4 მატჩი (ყველა სასტარტო) 2 გოლი და 1 მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
უეინი ალბათ ამ თვის საუკეთესო მოთამაშეა "იუნაიტედის" რიგებში. მისი წყალობით იქნა მოპოვებული გამარჯვება "ნიუკასლის" წინააღმდეგ. შემდეგ იყო "არსენალთან" სათასო შეხვედრა, სადაც რუნიმ დი მარიას პასით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მატჩის გადასარჩენად. "ტოტენჰემთან" მატჩში უეინი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოგვევლინა და პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. მან ბრწყინვალე სოლო რეიდი განახორციელა, მოატყუა 3 მცველი და უგო ლორისთან პირისპირ დარჩენილს გოლი გატანა აღარ გასჭირვებია. უეინს შეეძლო გოლების მონაგარი გაეზარდა "ლივერპულთან" მატჩის დროს, თუმცა მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ