"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ კრიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "იუნაიტედი" პრიმიტიულ ფეხბურთს თამაშობს, საწინააღმდეგო არგუმენტები მოუყვანა.
ბოლო პერიოდში მარუანი "წითელი ეშმაკების" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა. თუმცა ხანდახან ბელგიელი სათადარიგოთა სკამზე ხვდებოდა და ლუი ვან გაალი მას შეხვედრის მიწურულს კოზირად იყენებდა.
თუმცა თავად ფელაინი უარყოფს მოსაზრებას, თითქოს მასზე იყოს თამაში აგებული.
"სისულელეა იმის მტკიცება, რომ ჩვენი სქემა ჩემზეა აგებული. ჩვენი სქემა ბევრ კარგ ფეხბურთელზეა აგებული. ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ. ვუტევთ, ვიტანთ, ზეწოლას ვახდენთ. აქ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი.
ფელაინი ყველაზე კარგი მაშინაა, როცა თამაშობს და მნიშვნელობა არ აქვს, სად. მიმდინარე სეზონში რამდენიმე სხვადასხვა სქემით ვითამაშეთ: 5-3-2, 3-5-2, 4-2-2-2, 4-3-3. რა თქმა უნდა, უფრო იოლი იქნებოდა ერთ პოზიციაზე ითამაშო, მაგრამ ყოველთვის მწვრთნელის დავალებას უნდა მოერგო. მე ვთამაშობ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
თანაც ვთამაშობ სხვადასხვა პოზიციაზე, ექვსიანის, რვიანის ან მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე. რვიანის პოზიციაზე ყოფნისას შემიძლია უკან დავიხიო და საჯარიმოსკენ ჩარბენა განვახორციელო. მეორე თავდამსხმელად კი ჯერ კიდევ "ევერტონში" ვთამაშობდი. "იუნაიტედში" ეს სხვაგვარად ხდება, რადგან ნახევარდაცვაში სამკუთხედს ვქმნი. ყველაფერი მარტივადაა: მწვრთნელის სქემას უნდა მოვერგო" - განაცხადა ბელგიელმა.