ფილ ჯონსი უარყოფს კრიტიკის მართებულობას, რომელსაც "იუნაიტედის" მისამართით ხშირად ვისმენდით.
ლუი ვან გაალსა და მის გუნდს ხშირად აუგად იხსენიებდნენ, რადგან ფეხბურთელები ჰოლანდიელი სპეციალისტის ფილოსოფიას ვერ ითავისებდნენ.
სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ექსპერტთა უმრავსელობას მიაჩნდა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დამარცხდებოდა და ადგილს "ლივერპულს" დაუთმობდა.
მაგრამ "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მოპოვებულმა ლამაზმა გამარჯვებებმა "წითელ ეშმაკებს" ოთხეულში ადგილის გამყარების საშუალება მისცა.
უფრო ზუსტად, "ენფილდზე" მოპოვებულმა გამარჯვებამ კრიტიკოსები დაადუმა.
"მოხარულები ვართ, რომ "ენფილდის" გასახდელში ბიჭები მხიარულობდნენ და თანაც დამსახურებულად.
დავამტკიცეთ, რომ ხალხი ჩვენს შესახებ ცდებოდა. ადამიანებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ და გვაკრიტიკონ, მაგრამ ჩვენი საქმე მათი მცდარობის დამტკიცებაა. სწორედ ამისგან იღებს გუნდი სიამოვნებას. მოგვწონს, როცა ვაჩვენებთ, რომ ცდებიან. ეს გავაკეთეთ კიდეც.
ხალხი ყოველთვის გაგაკრიტიკებს. "მანჩესტერ იუნაიტედის" სახით უდიდეს კლუბში ვიმყოფებით და როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც უნდა წავიდეს, ხალხი ყოველთვის მეტს ინდომებს.
ასეთი რამ ყოველთვის მოტივაციას გმატებს. ვიცით, თუ ისე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც ამ და წინა კვირებში, ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენ პროფესიონალები ვართ, ამიტომ ვიცით, რომ ხალხი შენს შესახებ აზრს ყოველთვის გამოთქვამს, მაგრამ მას ყურადღება არ უნდა მიაქციო, სათანადოდ უნდა შეხვდე და შენი საქმე აკეთო.
მაგრამ მატჩის წინაც ვთქვით, რომ "ლივერპულთან" თამაშზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. წინ რვა მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს როგორც სახლში, ისე გასვლაზე. ვაცნობიერებთ, რომ სეზონის დაძაბულ ნაწილს ვუახლოვდებით."