დენის ირვინს მიაჩნია, რომ დეილი ბლინდმა უკვე დაამტკიცა თავისი ღირებულება და მისი მრავალფუნქციურობა "ენფილდზე" გასამართ მატჩში "იუნაიტედს" მხოლოდ გამოადგება.
დეილი ბლინდმა "ტოტენჰემთან" მატჩში მარცხენა მცველის როლი მოირგო და დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა, რამაც დენის ირვინი მოხიბლა.
"დეილი კარგია, ნამდვილი პროფესიონალი. თუ დაგჭირდება, შეუძლია ცენტრალურ ნახევარმცველად ითამაშოს, თუ დაგჭირდება, მარცხენა მცველად, თუმცა ძირითადად ამ სეზონში ჩვენთან ნახევარდაცვაში გამოდის. ვფიქრობ, ძალიან კარგი შენაძენია.
ის არის ფეხბურთელი, რომელიც სიტუაციას ძალიან, ძალიან კარგად კითხულობს. ვიფიქრე, რომ "დეზების" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. საინტერესო იქნება, რა შემადგენლობას შეარჩევს მწვრთნელი "ლივერპულთან", მაგრამ არ გამიკვირდება, თუ იგივე თერთმეტეულს დატოვებს, მათ ხომ ასე კარგად ითამაშეს. მწვრთნელის გადასაწყვეტია და მას ერთი თუ ორი მცველი დააკლდება ტრავმისა თუ დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ კვირას ნამდვილად კარგად ითამაშეს." - განაცხადა ირვინმა.
ბლინდს კონკურენციის გაწევა მარცხენა მცველის პოზიციაზე ლუკ შოუსთვის მოუწევს, თუ ეს უკანასკნელი ჯანმრთელი იქნება, თუმცა ირვინს მიაჩნია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ყველა როლს კარგად ერგება: "ვიცი, რომ ყველა პოზიციას ერგება და მან ნახევარდაცვაში დაუჯერებლად კარგად ითამაშა. მარცხენა მცველის პოზიციაზე დიდი ხანი არ ჰქონდა ნათამაშები და ცენტრალური მცველის პოზიციაზე სამჯერ უფრო დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ ვიცი, რომ იქ თამაშიც შეუძლია.
მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, კვირას მარცხენა მცველის პოზიციაზე ძალიან, ძალიან კარგად ითამაშა, ისევე, როგორც მთელმა დაცვამ. კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი ძალიან აგრესიულები იყვნენ, ჰარი კეინს მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ და მარჯვენა მცველის მოვალეობას ანტონიო ვალენსიამაც კარგად გაართვა თავი, ამიტომ ეს კარგი სანახავი იყო და ასეთივე გვინდა "ენფილდზეც." - დაასრულა ირვინმა.