მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდა პოლ ბრაიტნერი მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" ისეთივე რეორგანიზაციას მოახდენს, როგორც "ბაიერნში" შეძლო.
2009 წელს ვან გაალი გერმანული გრანდის მთავარ მწვრთნელად დასახელდა და მან მაშინვე მოიგო ბუნდესლიგასთან ერთად გერმანიის თასი, 2010 წელს კი "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ბუნდესლიგის 5, ლა ლიგის 2 და ევროპის 1 თასის მფლობელი ბრაიტნერი აცხადებს, რომ ვან გაალს მომდევნო წელს უფრო წარმატებული სეზონი ექნება.
"ვან გაალი ძალიან კარგი იყო მიუნხენის "ბაიერნში", რადგან ახალი სისტემა და ორგანიზაცია მოიტანა.
ჩვენს გუნდს ახალ სტილში უნდა ეთამაშა და ეს უნდა ესწავლა. მან გუნდში ბურთის ფლობის, ორგანიზაციისა და თამაშის კონტროლის შესახებ იდეები შემოიტანა, რაც სრულიად ახალი იყო ჩვენთვის და გერმანული ფეხბურთისთვის.
მომავლისკენ და ჩვენი გუნდის დღევანდელი სათამაშო სტილისკენ პირველი ნაბიჯები სწორედ მან გადადგა. მეორე ნაბიჯი იუპ ჰაინკესმა გადადგა, მესამეს კი პეპ გუარდიოლა დგამს.
ვერ დავივიწყებთ იმ 5-წლიან წარმატებას, რომელიც პეპს "ბარსელონაში" ჰქონდა, მაგრამ "ბაიერნში" მისი წარმატება ვან გაალზეა დაფუძნებული.
ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მიუნხენიდან მანჩესტერში ყურება, თუ როგორ ცდილობს გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ შეცვლილი სტილის გაგებას.
მიუნხენში ვიცით, რომ "იუნაიტედს" დრო სჭირდება ვან გაალის სტილის სწავლის, გაგების, გაცნობიერებისა და პრაქტიკისთვის. მაგრამ მოთმინება უნდა შეინარჩუნოთ. როცა ის მოვიდა ჩვენთან, ნახევარი სეზონის განმავლობაში რთულად იყო საქმე, მეორე ნახევარში კი გუნდმა სრულყოფილად კარგი ფეხბურთის თამაში დაიწყო. უცებ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს.
შესაძლოა, სწორედ იგივე იწყება "მანჩესტერ იუნაიტედშიც". გუნდს აქვს იგივე პრობლემა, რაც გვქონდა ჩვენ, როცა ლუი პირველად მოვიდა. პრობლემას აუცილებლად წააწყდები, როცა 50 %-ს ცვლი იმ ტაქტიკებისა და სისტემებისა, რომლებიც გისწავლია.
მაგრამ ახლა არის მომენტი, როცა შედეგები მოდის და მოვა. გუნდი უფრო და უფრო გაუმჯობესდება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებულს ვიხილავთ.
დარწმუნებული ვარ, ლუი ვან გაალი "იუნაიტედს" წარმატებას მოუტანს. გუნდი უკვე იწყებს წარმატების მიღწევას. დარწმუნებული ვარ, "იუნაიტედი" დაბრუნდება და ექნებათ ის წარმატება, რომელიც უნდა ჰქონდეთ და რომელიც სურთ, ჰქონდეთ.
ამ სეზონში რამდენიმეჯერ უკვე ვთქვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გარეშე ჩემპიონთა ლიგა ის ჩემპიონთა ლიგა არ არის.
"მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი", "რეალი" და "ბარსელონა" ამ ტურნირის სვეტები არიან ყოველ სეზონში. ამის გამო მჯერა, რომ ლუი ვან გაალი გუნდს პრემიერ ლიგის ოთხეულში შეიყვანს და მომდევნო სეზონში ევროპაში დააბრუნებს."