"იუნაიტედის" ნომერ მეოთხე მეკარე, ბენ ამოსი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი დატოვოს. გუნდში 6 წლიანი კარიერის შემდეგ ინგლისელი მეკარე კონტრაქტს სავარაუდოდ "ბოლტონთან" გააფორმებს, სადაც ამჟამად იჯარით იმყოფება. გადაწყვეტილების მიღება ამოსს ზამთარში ვალდესის ტრანსფერმა დააჩქარებინა. ის Manchester Evening News-სთან გუნდის დატოვების მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
"იმის გამო, რომ "იუნაიტედის" ფანი ვარ, ყოველთვის მჯეროდა, რომ ოდესმე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვითამაშებდი და ამ კლუბის ნაწილი გავხდებოდი. შეიძლება ითქვას, რომ ვიქტორ ვალდესის ტრანსფერი ჩემი "მანჩესტერული" კარიერის დასასრულო გამოდგა. სეზონამდე მითხრეს, რომ ნომერ მეორე მეკარე ვიქნებოდი და თასის თამაშებში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ვიქტორის ყიდვამ ნომერ მეოთხე მეკარე გამხადა და ასეთ დროს საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
გულწრფელად გითხრათ, კლუბში ამდენ ხანს იმიტომ გავჩერდი, რომ "იუნაიტედის" დიდი გულშემატკივარი ვარ. ამან მაიძულა ზედმეტად დიდი დროით შეყოვნება. არაფერს არ ვნანობ, ამ კლუბში ყოველ დღე ახალს ვსწავლობდი, რაც მომავალში გამომადგება. საიდუმლო არაა, რომ მინდა "იუნაიტედი" დავტოვო და ფეხბურთი ვითამაშო. ხალხმა შეიძლება თქვას, რომ დიდი ხანი ვიცდიდი და მართლებიც იქნებიან. მოუთმენლად ველი ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დაწყებას.
"იუნაიტედში" ბევრი ვისწავლე, მე ხომ ვან დერ სართან ერთად ვმუშაობდი. დე ხეა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოა. რთული წლები მქონდა, ყოველდღე მიწევდა საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ერთხელაც პრემიერ ლიგის მოთამაშე გავხდებოდი. კონტრაქტი ზაფხულში მეწურება და შემეძლება არჩევანი თავად გავაკეთო." - დაასრულა ამოსმა.
ინგლისელი მეკარე "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია. ფეხბურთელის დებიუტი 2008 წელს, "მიდლსბროსთან" შედგა. ამის შემდეგ მან "წითლებში" მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და იჯარის წესით 6 კლუბი გამოიცვალა.