"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ ნახევარმცველ დეილი ბლინდს სჯერა, რომ "ტოტენჰემთან" მატში მისმა გუნდმა სეზონის საუკეთესო 90 წუთი ჩაატარა.
"თუ 90 წუთს შეხედავთ, ეს სეზონის საუკეთესო მატჩი იყო. ბოლო რამდენიმე კვირისა და თვეების განმავლობაში ვვითარდებოდით და ვფიქრობ, მანამდეც კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დღეს მთელი 90 წუთის განმავლობაში აგრესიულები ვიყავით. ეს კი გუნდის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯია.
ყველა ერთად ბევრს მუშაობდა და ერთმანეთისთვის იბრძოდა, ყველა ბურთს ვიგებდით, რაც შეგვეძლო. ვითამაშეთ, როგორც გუნდმა. ძალიან სასიამოვნო მატჩი იყო. ვფიქრობ, უკეთესი იქნება მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ნაცვლად მატჩის საუკეთესო გუნდი სახელდებოდეს." - განაცხადა ბლინდმა.
"არსენალთან" განცდილი მარცხის შემდეგ "იუნაიტედმა" პრესტიჟის აღდგენა მეორე ლონდონურ გუნდთან სცადა და შეტევა საწყისი წუთებიდანვე დაიწყო.
"როცა მატჩს აგებ, გინდა მომდევნო შეხვედრა რაც შეიძლება მალე მოვიდეს. თუ სათასო შეხვედრაა, ძალიან იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ თუ პრემიერ ლიგაა, მომდევნო მატჩის მოგება გსურს."
"იუნაიტედი" ამჟამად პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ "ლივერპულს" 5 ქულით უსწრებს, რომელსაც მომდევნო ტურში "ენფილდზე" შეხვდება.
"ამას ყოველთვის აქცევ ყურადღებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შეხედო, შენი მატჩი ითამაშო და თითოეულ მათგანში სამი ქულის მოპოვებას ეცადო. ახლა ყველა ასეთი ქულა უკანასკნელია და ეს უნდა გავაცნობიეროთ.
სამი ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო - წინ რთული მატჩები გვაქვს და ყველა ქულა გვჭირდება. ვფიქრობ, ეს რაღაც კარგის დასაწყისი იყო."